ახალი არაფერი მოგვისმენია, ერთმა ხელმა მეორე დაბანა და ორივე ერთად ისევ საქართველოში რადიკალიზაციის ხელშეწყობას გააგრძელებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კარგია, რომ მოქალაქეებს საშუალება აქვთ, დაინახონ და მოუსმინონ იმ არასერიოზულობას, რასაც ამდენი ხანია, მმართველი გუნდი ებრძვის.

„კარგია, საზოგადოება ასეთ გამოსვლებს რომ ხედავს – დაე, ყველამ დაინახოს, რამდენად არასერიოზულ ადამიანებთან და არასერიოზულ მიდგომებთან გვაქვს საქმე, როცა ევროპარლამენტზე ვსაუბრობთ. თურმე საქართველოს მოსახლეობის ხმა ბექა ყორშიაა და ყოფილი კომუნისტი ყველაზე მეტად ზრუნავს საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე. სამწუხარო და დასანანია, რადგან იმის ნაცვლად, რომ ისეთ თემებზე ვსაუბრობდეთ, რომლებიც შეიძლება, ჩვენს და ევროკავშირის მოსახლეობას აღელვებდეთ, ეს ადამიანები ჭიქაში ქარიშხალს ტეხავენ. ეს ის შემთხვევაა, როცა ციხე შიგნიდან ტყდება. უცხო ძალები მაშინ იქნებიან წარმატებულები, თუ ამას ხელს საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე შეუწყობს. რა თქმა უნდა, მცდელობა ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება, რომ საქართველოზე ზეგავლენა მოახდინონ, მაგრამ ეს ზეგავლენა წარმატებული მაშინ არის, როცა შიგნით ჰყავთ ხოლმე დასაყრდენი. ამიტომ ეს ყველაფერი დასანანია, მით უფრო, რომ საუბარი საქართველოს მოქალაქეებზე გვაქვს. დასანანია, რომ ამდენ ტყუილს და დეზინფორმაციას ვხედავთ. თან არა ცალკე ფაქტად, არამედ განგრძობილად. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგია, რომ მოქალაქეებს საშუალება აქვთ, დაინახონ და მოუსმინონ იმ არასერიოზულობას, რასაც ამდენი ხანია, ვებრძვით“, – განაცხადა მახაშვილმა.

ლაშა ბუღაძემ, ბექა ყორშიამ და ქეთი ქერაშვილმა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტს სიტყვით მიმართეს.