ვგმობთ ძალადობას, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოხდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებს „ნაციონალურ მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„პირადად, მე და ჩვენი გუნდი, რა თქმა უნდა, ვგმობთ ძალადობას. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოხდება. სამწუხაროდ, ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობ, ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები და რით იყვნენ შეიარაღებულნი. თუმცა, გარწმუნებთ, სამართალდამცველები ამაზე რეაგირებას მოახდენენ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მედიამ "ქართულ ოცნების" დეპუტატს კითხვაზე დაუსვა სხვადასხვა ოფისებთან და საცხოვრებელ სახლებთან დატოვებულ წარწერებზე, რაზედაც ლევან მაჭავარიანმა განაცხადა:
"შეგახსენებთ, სამწუხაროდ, რუსეთის გარდა, ამას წლების განმავლობაში აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“, ეს რომ მოსაწონი არ იყო, ამიტომ არ არის „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში და ვერასდროს ვერ მობრუნდება. ეს ჩვენი ხელწერა არ არის. ჩვენ მმართველობაში ვართ უკვე 12 წელია. 12 წლის განმავლობაში ჩვენი ხელწერა ეს არასდროს ყოფილა და არასდროს იქნება. რაღაც თემები თუ არის, რომელიც კითხვის ნიშანს ბადებს საზოგადოებაში, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სამართალდამცავი უწყებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით რეაგირებას მოახდენენ".
შეგახსენებთ, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, ვიდეო და ფოტო მასალა, რომ პარტიის სათავო ოფისს, რომელიც მდებარეობს კახეთის გზატკეცილზე, თავს დაესხა რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებმაც დააზიანეს შენობა, ჩაამტვრიეს შუშები.
როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, 100-მდე შეიარაღებულმა "ტიტუშკამ" დალეწა "ნაციონალური მოძრაობის"ცენტრალური ოფისი - ხის შუბებით დალეწეს ყველაფერი