საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დისკუსიის გამართვის თაობაზე გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო მიიღებს.

მისივე თქმით, უწყებას ყველა რელევანტურ აქტორთან მრავალი შეხვედრა ჰქონდა.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დისკუსიის გამართვის თაობაზე გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო მიიღებს, თუმცა უწყებას ყველა რელევანტურ აქტორთან მრავალი შეხვედრა ჰქონდა. განათლების რეფორმაზე დებატებიც ვიხილეთ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს რა არგუმენტიც ჰქონდა, პრემიერ-მინისტრმა მოინიშნა და პირობა მისცა, რომ აისახება ის, რაც არგუმენტირებული იყო. მათი მხრიდან რა შეფასებებიც კეთდება და ამას არგუმენტები არ მოსდევს, ამაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი შეფასება გვაქვს. ეს ქალბატონი შეხვედრაზეც იყო მიწვეული და იმის ნაცვლად, რომ რეკომენდაციები გაეცა, ცალმხრივად აქციების გამართვა მოითხოვა. თავის დროზე არგუმენტირებული რეკომენდაციები რომ გაეცა, საქმეს უფრო წაადგებოდა, ვიდრე აქციები გაემართა. ეს ყველაფერი დებატებისას მოვისმინეთ და ამ ქალბატონს წინააღმდეგობა არ გაუწევია“, – განაცხადა ლევან  მაჭავარიანმა.