"რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ამარტივებს, ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან.



როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ევროკავშირი იმარტივებს პროცედურას, რომ ვიზალიბერალიზაციის თემა სხვადასხვა ქვეყნისთვის შანტაჟის მექანიზმად გამოიყენოს.

"ამ ტრენდის გაგრძელება, რომ დამატებითი შანტაჟის მექანიზმი ჰქონდეთ ქვეყნებზე და, შესაბამისად, დააშანტაჟონ სწორედ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, თუ ისინი არ გაატარებენ იმ პოლიტიკას, რასაც უკვე ბრიუსელში კონცენტრირებული Deep state მოითხოვს. თუმცა, ნუ გავასწრებთ მოვლენებს, ჯერ წლის ბოლომდე ბევრი დრო არის დარჩენილი, დაველოდოთ კონკრეტულად რა ცვლილებები იქნება. ჩვენ ყველაფერს ვასრულებთ პირნათლად. იქ უნდა იყოს რაღაცა ტიპის სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს. თუმცა იქ სამართლებრივ საფუძვლებზეც არ არის საუბარი, ვინაიდან ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატები უკვე აღარც კანონს ითვალისწინებენ და არც იმ პრინციპებს და ტრადიციებს ითვალისწინებენ, რაზეც ევროკავშირი დგას. შეუძლიათ ხელის ერთი მოსმით ისეთი ნაბიჯი გადადგან, რომელიც ყველაფერს ერთად ეწინააღმდეგება“, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი.

ცნობისთვის, "რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი წლის ბოლოს ეცდება უფრო იოლი გახადოს უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად ამ პრივილეგიით სარგებლობენ, მათ შორის არიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. როგორც რიკარდ იოზვიაკი წერს, ევროკავშირი იკანონებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს და ბრიუსელს სურს, სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებზე ზეწოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს.