მმართველ გუნდში "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ინიციატივას საგარეო კურსზე დებატების დაწყების შესახებ, უკვე გამოეხმაურნენ - საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება კონსტიტუციური ამოცანაა, თუმცა ნებისმიერ მხარესთან არგუმენტირებული დებატებისთვის მზად არიან.

"ჩვენი პოზიცია უცვლელია, რაც კონსტიტუციით არის გამყარებული და ჩვენი გზა, რა თქმა უნდა, ევროკავშირისკენ არის. ვიცით, რომ გაფართოება იგეგმება 2030 წლისთვის და ჩვენ ყველაზე მომზადებული ქვეყანა ვიქნებით დანარჩენ კანდიდატ წევრ ქვეყნებს შორის. ამის გარანტიას ვიძლევით და დღესაც აბსოლუტურად ყველა მონაცემი და პარამეტრი ამაზე მეტყველებს და მიუთითებს. ხოლო, რაც შეეხება "ნეიტრალური საქართველოს" ინიციატივას, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ კონსტრუქციულ ჯგუფთან დებატებისთვის, საგნობრივი მსჯელობისთვის. შეგვიძლია, რა თქმა უნდა, რომ ეს საკითხი უფრო გავშალოთ. თუმცა, ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, უცვლელია", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი.