ჯო უილსონი ჩვეულებრივი ლობისტია, რომელიც ასეთი ტიპის სამუშაოთი საზრდოობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
"სხვათა შორის, ის ინაუგურაციის ბილეთებითაც ვაჭრობდა, შემდეგ გამჟღავნდა, რომ იქ დროშებითაც ვაჭრობს და ასე შემდეგ. მისი კითხვა ბატონი რუბიოს მიმართ მთლიანად დეზინფორმაციით იყო გაჟღენთილი. რაღაცნაირად ისიც ჩააკვეხა, „ქართული ოცნება“ დონალდ ტრამპს და მოქმედ ადმინისტრაციას ლანძღავსო. აქ უკვე ცალსახაა, როგორი დეზინფორმაციით იყო გაჟღენთილი მისი კითხვის პათოსი, ვინაიდან ჩვენ არცერთი ნეგატიური განცხადება არ გაგვიკეთებია არც აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციასთან და, მით უმეტეს, არც ბატონ დონალდ ტრამპთან მიმართებაში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მარკო რუბიოს პასუხი ძალიან ბუნდოვანი იყო.
„ბატონი რუბიოს პასუხი ძალიან ბუნდოვანი იყო იქიდან გამომდინარე, რომ მან, თუ არ ვცდები, ასეთი ფრაზა გამოიყენა, მთავრობა, რომელიც მართავს მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილსო. ამაში რა იგულისხმება, არ ვიცი, მან არც „ქართული ოცნება“ არ ახსენა და არც საქართველო არ ახსენა. ასეთი ფრაზით შემოიფარგლა და, შესაბამისად, ძალიან ბუნდოვანი და ზოგადი იყო მისი პასუხი. პირიქით, ჩვენ თავად ვართ დაინტერესებული აშშ-ის პოზიციასთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში და ჩვენ ხელისუფლებასთან მიმართებაში. ამის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი იყო ცოტა ხნის წინ ის ღია წერილი, რომელიც ბატონმა პრემიერმა მისწერა ბატონ ტრამპს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
შეკითხვაზე, არის თუ არა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან დიპლომატიური არხებით, რამე დონეზე მაინც კომუნიკაცია, რომ ინფორმაცია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება რეალურად და სამართლიანად მიიჩნევს, აშშ-ში შესაბამის ადრესატებამდე იყოს მიტანილი, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ფლობს ინფორმაციას აბსოლუტურად ყველაფერთან დაკავშირებით, პირველ რიგში, იმაზე, თუ როგორი თანხვედრა არის ღირებულებებით ნაწილში, იდეოლოგიურ ნაწილში, პოლიტიკურ-მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ გზავნილებში, გადადგმულ ნაბიჯებში და ა.შ.
„სრული თანხვედრა არის ყველანაირი მიმართულებით და ალბათ თქვენც და საზოგადოებაც ამაში დამეთანხმებით. ჩვენ არა მარტო მოქმედ ადმინისტრაციასთან მიმართებაში არ გამოგვიყენებია ერთი გადაბრუნებული სიტყვა, როდესაც წინა ადმინისტრაციის მხრიდან ამდენ უსამართლობას ვხედავდით, ყოველთვის ვყოფდით ხოლმე, რომ აშშ არის სხვა და არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე გლობალური ომის პარტია და იგივე, რასაც ბატონი ტრამპი „დიფ სთეითს“ უწოდებს, არის აბსოლუტურად სხვა ძალა, რომელსაც, სამწუხაროდ, ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ყოფილი ადმინისტრაციის პირობებში და რომელსაც ასეთი ღია ბრძოლა გამოუცხადა მოქმედმა ადმინისტრაციამ. ამ ძალებთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ღია საუბარი დაწყებული. თუ რამეში ჩვენ ძალიან მოზომილად ვაკრიტიკებდით ყოფილ ადმინისტრაციას, მოქმედი ადმინისტრაცია ძალიან მწვავედ აკრიტიკებს. გამჭვირვალობის მნიშვნელობა, ლგბტ პროპაგანდის საფრთხეები, უკრაინაში მიმდინარე ომის გამომწვევი მიზეზები, ევრობიუროკრატიასთან მიმართებაში და ა.შ., აბსოლუტურად ყველა მიმართულებაში არის სრული თანხვედრა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
შეკითხვაზე, რატომ მოხდა „მეგობარი აქტის“ მიღება ქვედა პალატაში, რომელმაც, მათ შორის, რესპუბლიკელი კონგრესმენებისგანაც მიიღო ხმები, თუ ასეთი თანხვედრა არსებობს პოლიტიკურ გზავნილებსა და ღირებულებით ნაწილში, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ „მეგობარ აქტს“ „ქართული ოცნება“ მტრულს უწოდებს, რადგან იქ მეგობრული ნამდვილად არაფერი არ არის და ეს არის ცალკე განყენებული თემა, რომელსაც საფუძველი წინა ადმინისტრაციის პირობებში ჩაეყარა.
„ავანგარდში დგას ისევ ბატონი ჯო უილსონი; შეგვიძლია ვთქვათ, ასე ინერციით მოდის და კონგრესი სხვა არის და ადმინისტრაცია სხვა არის. თქვენ ახსენეთ, რომ რესპუბლიკელების მხრიდანაც ჰქონდა მხარდაჭერა ამას და ჩვენ კარგად ვიცით თვითონ ბატონი ტრამპის და ადმინისტრაციის განცხადებების მიხედვით, რომ თვითონ შიგნითაც რაღაც სერიოზული წმენდა არის დაწყებული და ჩასატარებელი, ვინაიდან ყველა ბატონი ტრამპის გულშემატკივარი არ არის იმავე „რესპუბლიკურ პარტიაში“. ეს, რაც ინერციით მოდის, ეს კანონპროექტი თუ იქცა კანონად, ეს უკვე ბევრ რაღაცაზე იმეტყველებს; იმეტყველებს მაგალითად იმაზე, რომ ბატონი ტრამპი რასაც აცხადებს, რომ იგი „დიფ სთეითს“ დაამარცხებს, ამ მომენტისთვის დამარცხებული კი არა, შესუსტებულიც არ იქნება „დიფ სთეითის“ გავლენები აშშ-ში“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ეს კანონპროექტი კანონად იქცევა თუ არა, ამას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
„ეს არის, უბრალოდ, პოლიტიკური შოუ, რაც სჭირდება ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას იმისთვის, რომ ისაზრდოონ. ვინაიდან, თუ ბატონ ტრამპს უნდა, აღასრულოს ის, რაც ამ აქტში წერია, იმავე სანქციების მიმართულებით და ა.შ., მას ყველანაირი ბერკეტი და ლეგიტიმაცია გააჩნია, რომ ეს ყველაფერი აღესრულებინა ერთი თვის წინ, აღასრულოს დღეს ან აღასრულოს ერთ თვეში, მიუხედავად იმისა, კანონპროექტი კანონად იქცევა თუ არა. შესაბამისად, ჩვენ უნდა დაველოდოთ. მერე საინტერესო იქნება, თვითონ ბატონი ტრამპი ხელს მოაწერს თუ არა, მაგრამ ხელი რომც მოაწეროს, მაინც არ იღებს იგი ვალდებულებას, რომ ეს ყველაფერი აღასრულოს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
შეკითხვაზე, როდის გვეყოლება ელჩი აშშ-ში, მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ელჩის კანდიდატურა შერჩეულია, გადაგზავნილია ამერიკულ მხარესთან და ახლა პროცედურების გავლის პროცესია.
„ვინ არის, ამას, რა თქმა უნდა, ჯერ ჩვენ ვერ გავაჟღერებთ. ორივე მხარე უნდა შევჯერდეთ კანდიდატურაზე“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ამასთან, მაჭავარიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აინტერესებს აშშ-თან რეალური პარტნიორობა, დონალდ ტრამპს ღიად გულშემატკივრობს არაფორმალური ძალების დამარცხებაში და აშშ-დან ითხოვს მკაფიო პასუხს, სურს თუ არა ახალ ადმინისტრაციას პარტნიორობა, თუმცა ხელისუფლება იმასაც ითვალისწინებს, რომ დონალდ ტრამპს მემკვიდრეობით დახვდა უამრავი აბსოლუტურად სხვა მასშტაბის პრობლემა.