26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქართულ პოლიტიკას ყველა ვიგინდარა მოსცილდება და, როგორც ჩვენ დავაანონსეთ, არჩევნების შემდეგ მათი გასამართლების პროცესი დაიწყება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას სენატორ რიშის განცხადებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც: „ოქტომბერში ხალხს შესაძლებლობა ექნება, გაყაროს მოქმედი ხელისუფლება“.

მისი თქმით, სენატორი ჯიმ რიში ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსით საუბრობდა.

„ჯიმ რიშმა ყოველნაირი წითელი ხაზი გადაკვეთა, თუმცა მას 100%-ით ვეთანხმები, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქართულ პოლიტიკას ყველა ვიგინდარა მოსცილდება და, როგორც ჩვენ დავაანონსეთ, არჩევნების შემდეგ მათი გასამართლების პროცესი დაიწყება. 2012 წლიდან მოყოლებული ძალიან კარგად გვახსოვს ბატონი რიში, ისევე როგორც კუბილიუსი, ვიოლა ფონ კრამონი და ფოტიგა. ისინი რატომღაც ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსით საუბრობდნენ. ჩვენ მაინც თავშეკავებული ვიქნებით და თავს უფლებას არ მივცემთ, რომ რაიმე შეურაცხმყოფელი განცხადება გავაკეთოთ.

ჩვენ არ გვსიამოვნებს ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც თავიდან ბოლომდე ტყუილზეა დაფუძნებული. მათი ინტერესია, ჩვენი მოსახლეობა ტყუილსა და შებრუნებულ რეალობაში აცხოვრონ. წინასაარჩევნოდ რადიკალური ძალების დღის წესრიგი აგებულია არა მოსახლეობასთან, არამედ უცხოელებთან შეხვედრებზე. რადიკალური ძალები ქვეყნის მტრები არიან – ჩვენ მათ უსამშობლოებს ტყუილად არ ვეძახით. ისინი 100%-ით უცხოეთიდან იმართებიან. მათ უნდა ისაუბრონ ის, რასაც დაავალებენ. შესაბამისად, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ძალიან დიდი ანგარიშით დამარცხდებიან“, – თქვა ლევან მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ: ამერიკელი სენატორი "რესპუბლიკური პარტიიდან ჯიმ რიში აცხადებს, რომ "ქართველ ხალხს შანსი მიეცემა, ამ ოქტომბერში ვიგინდარები გაყაროს და საკუთარი მომავალი საკუთარ ხელში აიღოს".  ამის შესახებ მან ისაუბრა სენატში გამართულ მოსმენაზე სახელწოდებით „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები".