ცინიკოს, მშიშარა და შეუმდგარ დიქტატორს უნდა ესმოდეს, რომ ასე ადამიანებს არ უსწორდებიან და თუ უსწორდებიან, მათი პოლიტიკური დღეები დათვლილია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც სპეციალური ეტლით მიიყვანეს.
ლევან ხაბეიშვილმა ხელისუფლებას მიმართა და უთხრა, რომ შესაძლოა დაზიანებული თვალიდან ვერ დაინახოს კარგად, მაგრამ მთავარია, ქვეყანამ გამოიხედოს და გამოფხიზლდეს.
„სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს ასეთ ფიზიკურ მდგომარეობაში ძალიან ბევრმა ბავშვმა და ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ და არა მარტო ახალგაზრდამ გაიღვიძა. სამწუხარო რეალობაა, რომ ასე გამეტებით სცემეს ადამიანებს. რა თქმა უნდა, რთული ღამე იყო ამ ახალგაზრდებისთვის, ამ ბავშვებისთვის, თუმცა, სავარაუდოდ, უფრო რთული იყო იმ ხალხისთვის, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, რადგან მათ ესმით, რომ არანაირი მორალური, პოლიტიკური შინაარსი ამ ადამიანებს არ გააჩნიათ. ამიტომ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ არ გავიღიმებთ ან თვალს ვერ გავახელთ, ძალიან შემცდარა. გავიღიმებთ იმიტომ, რომ საქართველო გაიმარჯვებს. ეს ახალგაზრდები გაიმარჯვებენ, გაიმარჯვებს საქართველოს ევროპული მომავალი. აუცილებლად გაიმარჯვებთ თქვენ. ერთი რამ მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, თვალი, რომელიც ამ მდგომარეობაში მაქვს, არ ვიცი აქედან გამოვიხედავ თუ არა, რამდენი პროცენტით გამოვიხედავ ან როგორ იქნება, მაგრამ მთავარია ქვეყანამ გამოიხედოს თვალებიდან. ჩემს თვალზე კი არ არის, ძალიან ბევრი ახალგაზრდა გალახეს, სხვათა შორის, ჩემი დაკავების დროს პირდაპირ ეთერში ვერთვებოდი, როდესაც ახალგაზრდა ბავშვი მოიპარეს ფაქტობრივად. არ ვიცი იმ ბავშვის ბედი და იმედია, კარგად არის“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მან საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდა.
„ეს არის „რუსული კანონი“, რუსული ხელწერა,. მოვუწოდებ საზოგადოებას, ვიღაცას შეიძლება გაუხარდეს, რომ ოპოზიციონერი სცემეს, დასაჯეს სამაგალითოდ, მაგრამ უნდა გესმოდეთ, ეს უსამართლობა მოვა თქვენთანაც. ამიტომ, პულტები გადადეთ, ტელევიზორები გამორთეთ, მოდით აქციაზე და დაიცავით თქვენი ქვეყნის მომავალი. მე, როგორც რიგითი მოქალაქე ისე ვიყავი ამ აქციაზე და ისევ ვიქნები სავარაუდოდ, დღესაც. ყოველ შემთხვევაში, დღეს არ ვიცი, მაგრამ მორალურად, ადამიანურად ვუერთდები ამ პროტესტს. ჩემო ძვირფასებო, ძალიან ბევრს გავიღიმებთ, ყველაფერი გაივლის, საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი, ეს ხელისუფლება დამარცხდება. ცინიკოს, მშიშარა და შეუმდგარ დიქტატორს უნდა ესმოდეს, რომ ასე ადამიანებს არ უსწორდებიან და თუ უსწორდებიან, მათი პოლიტიკური დღეები დათვლილია. ჩემს კოლეგებს ყველას მოვუწოდებ, მნიშვნელოვანია „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ყველა ფორმით ვიბრძოლოთ, სანამ ეს შესაძლებელი იქნება. გამოვიყენოთ ტრიბუნა, კითხვები და საღამოს ყველა ერთად შევიკრიბოთ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.