ლევან ხაბეიშვილი: პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება აბსოლუტურად მისაღებია - მზად ვართ ნებისმიერი კონსულტაციისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ერთობა, ეროვნული ინტერესები, ეს ის სიტყვებია და შინაარსია, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელმძღვანელობს. შესაბამისად, ცხადია, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი კონსულტაციისთვის, რომელიც ჩვენს ხალხს გამოადგება და კეთილდღეობას მოუტანს. ამიტომ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია არა ჩვენი პირადი დამოკიდებულებები, არამედ ხალხის ინტერესები, რომ ჩვენი მოქალაქეები არ გარბოდნენ ქვეყნიდან, ქვეყანაში იყოს ღირსეული სამუშაო ადგილები, ადამიანებს ჰქონდეთ ისეთი სამსახური, სადაც გამოიმუშავებენ არა 100, 200, 300 და 500 ლარს თვეში, არამედ იმდენს, რომ ეყოთ საკუთარი ოჯახების გამოსაკვებად, ეყოთ კეთილდღეობისთვის, იმისთვის, რომ ბედნიერები და ლაღები იყვნენ. შესაბამისად, ჩვენ ამ შინაარსიდან ამოვდივართ და მზად ვართ, ნებისმიერი კონსულტაციისთვის, მათ შორის დღეს ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება. აბსოლუტურად მისაღებია. ჩვენ ნორმალურად მიგვაჩნია, თუ ასეთი პროცესი იქნება. ყველანაირად დავუჭერთ მხარს მსგავს პროცესს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ოპოზიციას მომავლის ქარტიის - ერთობის პლატფორმა ევროპისთვის შექმნა შესთავაზა. ზურაბიშვილის თქმით, ის მზადაა, პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და მის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.