ეს ქვეყანა და ამ ქვეყნის მომავალი ეკუთვნის ხალხს, რომელსაც ურყევად აქვს გადაწყვეტილი ევროპისკენ სვლა. ამას ვერც ჩუჩელა ღარიბაშვილი, ვერც პარლამენტში ბიძინას სათამაშოები, ვერც თავად ევტუშენკოვ-პუტინის პოლიტიკური შეყვარებული ბიძინა ივანიშვილი შეაჩერებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ამ ქვეყანას ევროკავშირის სტატუსის მიღება ბრძოლის გარეშე გაუჭირდება.

„გუშინ ბიძინა ივანიშვილის პირადმა ჩუჩელამ, პირადმა სათამაშომ გააკეთა განცხადებები, რომ თურმე ყველას აზღვევინებს: თამუნას, ლიკას, მაკას გიორგის, დათოს, ყველას სახლებში შეუვარდება და დააიდენტიფიცირებს, დააანონსა რეპრესიები. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს ჩუჩელა, გუშინ კაცად რომ ავლენდა თავს სამთავრობო მედიაზე, არის ბიძინა ივანიშვილის პირადი სათამაშო და ამ „საქმენი საგმირონის“ უკან, ცხადია, იდგა რუსი ოლიგარქი. ისიც კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ სანამ ქვეყნის ხელისუფლებას მართავს ევტუშენკოვ-პუტინის პოლიტიკური შეყვარებული ბიძინა ივანიშვილი , ამ ქვეყანას ევროკავშირის სტატუსის მიღება ძალიან გაუჭირდება. გაუჭირდება კი არა, თუ არ ვიბრძოლებთ, არავინ მოგვცემს ამ კანდიდატის სტატუსს. გუშინ ამ სათამაშო ჩუჩელამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ კი არ ნანობენ ამ კანონებს და კი არ გაიაზრეს, რომ ეს იყო ანტიკონსტიტუციური, რუსული, ხელს უშლიან ჩვენს ევროპულ მომავალს, უბრალოდ, ტაქტიკურად უკან დავიხიეთო, თორემ ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენ ევროპული გზა გვაინტერესებსო. მეტიც, მერე მოყვა ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებების ლანძღვას, ევროპარლამენტარების ლანძღვას და მოუწოდა, რომ თქვენ თქვენი საქმე აკეთეთ და ჩვენ რომ რუსეთში მიგვყავს ეს ხალხი, ნუ ერევით ამ საქმეშიო. ეს იყო მთელი პათოსი გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის, რომელმაც გვაუწყა, რომ არანაირი სტატუსი მათ არ აინტერესებთ. ჩნდება მარტივი კითხვა, იმ ევროპარლამენტარებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა, რომლებსაც ლანძღვას და აგინებს, უნდა მოგვცეს ევროკავშირის სტატუსი და როცა ასე იქცევა ბიძინა ივანიშვილის პირადი ჩუჩელა, ვის წარმოუდგენია, რომ ჩვენს ქვეყანას მისცემენ სტატუსს ამ პირობებში, მაშინ როცა ამ კაცმა დააანონსა რეპრესიები, რომ თურმე ყველას სახლში შეუვარდება? ჩვენ ყველანი დაგიმახსოვრეთ, ბატონო ჩუჩელა, თქვენც,  ირაკლი კობახიძეც, ყველა ის დეპუტატი, რომელმაც რუსულ კანონს ხმა მისცა. ყველანი დამახსოვრებულები ხართ, აბსოლუტურად ყველანი, სახელები და გვარებიც რომ დაგვავიწყდეს, ისტორია აუცილებლად დაწერს თქვენ შესახებ. ხელი გაქვთ ამაზე მოწერილი და განცხადებებს აკეთებთ ამაზე ღიად. ჩვენ უკვე დაგიმახსოვრეთ სახეზეც, ამიტომ გაფრთხილებთ, ამ ახალგაზრდებს თითი არ დაედოს!“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.