პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ მათი პარტიის ლიდერი გახარია საქართველოში არ უნდა დაბრუნდეს. 

მისუვე თქმით, გიორგი გახარია საქართველოში თუ დაბრუნდება, დაიჭერენ. 

"გიორგი გახარია არ უნდა დაბრუნდეს. ის ამ თემაზე თავად ილაპარაკებს. ეს არის ძალიან ინდივიდუალური ამბავი, მაგრამ, ჩემი, როგორც მისი მეგობრის რჩევაა,  რომ ამ ეტაპზე რა თქმა უნდა უს არ უნდა დაბრუნდეს. რატომ  უნდა დაბრუნდეს? რომ ეს გაუხარდეს ივანიშვილს? გაუხარდეს სისტემას?  აი ამ მოცემულობაში აბსოლუტურად ვერ ვხედავ მე ამის საჭიროებას და მე მას პირადად ვურჩევდი, სჯობს გაცილებით ეფექტურია ახლა გახარია ქვეყნის მიღმა  ამ ქვეყნისთვისაც და იმ სისტემის წინააღმდეგაც." - - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რატომ არ უნდა დაბრუნდეს,  დაიჭერენ? გახარიას პარტიის წარმომადგენელმა თქვა:

"ამ ეტაპისთვის ეს რისკები არსებობს. რა თქმა უნდა დაიჭერენ.  რა თქმა უნდა  ყველაფერს თავისი ფასი უნდა ჰქონდეს." 

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ამ მოცემულობაში და ის არ არის მზად ციხისთვის?

გოგიჩაიშვილმა განაცხადა: ციხისთვის მზად რა შუაში არის. მე ვერ ვხედავ ამის ეფექტურობას. დღეს ის გაცილებით უფრო ეფექტური არის გარეთ. უფრო მეტს საქმის გააკეთებს.  ჩემი აზრია, რომ არ უნდა დაბრუნდეს. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე საქმეს აკეთებს... ის თვითონ გადაწყვეტს ეს ჩემი პირადი სუბიექტური აზრი არის. მაგრამ ის როდის დაბრუნდება  ამაზე თავი იმტვრიოს "ქართულმა ოცნებამ" და მისმა რაღაცა უსაფრთხოების სამსახურებმა, პროკურატურამ... " 

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შს ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედების შესწავლა დაიწყო. 

გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური. ასევე საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი ალექსანდრე ტაბატაძე. რომელიც იმ პერიოდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.  ასევე პარლამენტის ყოფილი წევრი კახა კახიშვილი. ის 2019 წელს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. 

ასევე, გამოკითხვაზე იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი  

ასევე, ფინანსთა ყოფილი მინისტრის ივანე მაჭავარიანი 

შეგახსენებთ, 2025 წლის 14 ივნისს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება. სადაც ნათქვამია:

"საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაბარებულ იქნა ვახტანგ გომელაური, რომელიც 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს  საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს  ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.