„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ბადრი ჯაფარიძე აირჩიეს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ ანა ნაცვლიშვილი, ხოლო ირაკლი კუპრაძე პარტიის გენერალურ მდივნად დამტკიცდა.
„დღეს „ლელოში“ დამთავრდა საარჩევნო პროცესი. მოგეხსენებათ, რომ 22 დეკემბერს ჩვენ ჩავატარეთ ყრილობა, სადაც არჩეული იქნა პოლიტსაბჭოს 21 წევრი. დღეს ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც არჩეულ იქნა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ასევე დამტკიცდა გენერალური მდივნის კანდიდატურა. მინდა, წარგიდგინოთ ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ერთხმად იქნა არჩეული პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ, ასევე ანა ნაცვლიშვილი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ და იგი წაიყვანს აღმასრულებელ მიმართულებას პოლიტსაბჭოში, ასევე, ირაკლი კუპრაძე, რომელიც დამტკიცდა პარტიის გენერალურ მდივნად. მინდა, გითხრათ, რომ ამით ჩვენ დავასრულეთ შიდაპარტული არჩევნები და შეიძლება ითქვას, რომ დღეიდან მთლიანად პარტია მობილიზებულია, რათა საკმაოდ სერიოზული გამარჯვება მოიტანოს 2024 წლის არჩევნებისთვის. გამარჯვებაში ჩვენ ვგულისხმობთ, რომ შევცვალოთ ქართველი ხალხის ცხოვრება, ეს ქვეყანა გავხადოთ წარმატებული, შევქმნათ ბევრი სამუშაო ადგილი, გავაორმაგოთ ბიუჯეტი, შევქმნათ პირობა, რომ ჩვენი ემიგრაცია დაუბრუნდეს სამშობლოს. რაც მთავარია, ჩვენს ახალგაზრდებს მივცეთ საქართველოში სამუშაოს დაწყების საშუალება, ჩვენს პენსიონრებს მივცეთ ღირსეული ცხოვრების საშუალება და უამრავი სხვა გეგმა, რომელიც ძალიან მკაფიოდ გვაქვს გაწერილი მარშალის გეგმაში. ასე რომ, ჩვენ ვართ სრულად მობილიზებული, რათა 2024 წელი არა მარტო ჩვენი პარტიის, არამედ სრულიად საქართველოსთვის გახდეს გარდამტეხი და გამარჯვების წელი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.