თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზვიად კუპრავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ახალგაზრდებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანებისკენ მოუწოდა. 

კონსტანტინე ზარნაძემ ამ განცხადებას სასაცილო უწოდა და განაცხადა, რომ ახალგაზრდებისთვის იმაზე უფრო არატრენდული არაფერია, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანება. კონსტანტინე ზარნაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ტყუილად აქვს იმედი, რომ მათი პარტიის რიგებს ახალგაზრდები შეავსებენ.

„რა ნამუსით ეძახით ახალგაზრდებს პარტიაში, რომლის იდეური ლიდერიც მიხეილ სააკაშვილია? ახალგაზრდების დაძახება თქვენს პარტიაში, რომლებსაც კარგად უჭრით გონება, დაკეტილ კარზე კაკუნია. შეიძლება ახალგაზრდამ რაღაცაზე პროტესტი გამოხატოს, მაგრამ ის, რომ ამის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გახდნენ ეს წარმოუდგენელია“ - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.