„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარის რევაზ ნადარაიას განცხადებით, ხატია დეკანოიძე არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ დაემორჩილა სასამართლო სხდომის მითითებებს.

აღნიშნულს წინ უძღოდა ხატია დეკანოიძის მოთხოვნა ბიძინა ივანიშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით.

„ეს არ არის მხოლოდ დემოკრატიასთან დაკავშირებული პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ მიგვაჩნია და ძალიან ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ეს არის და იქნება კატასტროფა ქართული სახელმწიფოსთვის. მაგრამ ჩვენ ასევე მიგვაჩნია, რომ ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და უსაფრთხოებისთვის ძალიან დიდი გამოწვევა და საფრთხე. სარჩელში დიდი ნაწილი ეხება საქართველო-რუსეთის ჭრილს და პირველ რიგში, ეს ეხება 2008 წლის რუსულ სამხედრო აგრესიას, მათ შორის იმას, რაც არის ეროვნული კატასტროფა, რომ „ქართული ოცნების“ ამ სარჩელით, ამ ბრალდებით საქართველოს ბრალდება რუსული სამხედრო აგრესია, პროვოკაცია. სხვათა შორის, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საგარეო პოლიტიკის რანგში აიყვანა რუსეთთან ურთიერთობა. ვაყენებ შუამდგომლობას, დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი, რადგან ის ერთპიროვნულად მართავს საქართველოს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რევაზ ნადარაიას თქმით, ხატია დეკანოიძე აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და არ ასაბუთებს შუამდგომლობას სამართლებრივად.

„პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ, ერთი წინადადებაც ვერ გავიგე სამართლებრივი დასაბუთების შესახებ, რის გამო აპირებთ მოწმის სახით პიროვნების მოყვანას. პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ვინაიდან არ ემორჩილება სასამართლო სხდომის მითითებებს, გაძევებული იქნას სხდომის დარბაზიდან“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

რევაზ ნადარაიას განმარტებით, ხატია დეკანოიძე გაძევებული იქნება მთელი პროცესის განმავლობაში, თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს შუამდგომლობას მის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ბიძინა ივანიშვილის და სხვა პირთა დაკითხვის შესახებ შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

„პლენუმმა ვერ დაინახა კონკრეტული შემხებლობა საქმესთან დაკავშირებით, თუ რას დაადასტურებენ ეს მოწმეეები. ზოგადად, ის, რომ რაღაც პერიოდი ხალხი საჯარო სამსახურში მუშაობდა და იკავებდა გარკვეულ პოსტს, ამიტომ მას უნდა დაესვას კითხვა, ასე არ არის. მხარემ უნდა დაასაბუთოს არა ის, ვინ რა აზრის არის, არამედ უნდა დაასაბუთოს, რა შემხებლობა აქვს მოწმეს საქმესთან. მხარე როცა აყენებს შუამდგომლობას, რომ დავკითხოთ მოწმე, მან უნდა დაასაბუთოს, რა კონკრეტულ გარემოებებს დაასაბუთებს იმაზე, რაც მის პოზიციას ემთხვევა. ზოგადად, ცნობისმოყვარეობა და ინტერესი ვერაფრით გახდება, მით უმეტეს საკონსტიტუციო სასამართლოში შუამდგომლობის დაყენების საფუძველი. ეს არის საერთო სასამართლო. აქედან გამომდინარე, შუამდგომლობა არ კმაყოფილდება“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სარჩელის განხილვა დღეს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.