„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის მოსაზრებით, პარლამენტის ბოიკოტსა და მანდატების დატოვებაზე საუბარი უნდა დასრულდეს, რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი.
დეკანოიძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათ შორის „ხალხის ძალის“ კანონპროექტის განხილვებში ჩართვა.
ხატია დეკანოიძე ფიქრობს, რომ ამასთან დაკავშირებით ფრაქციის წევრების მხრიდან დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
„ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. კოლეგებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩემი პოზიცია იყო, ანტიდასავლური კანონპროექტის განხილვას ყველა მიმართულებით, მათ შორის საკომიტეტო და სასესიო განხილვებზე უნდა დაესწროს ფრაქცია. ბევრი ადამიანი არ ესწრებოდა ახლა ფრაქციის სხდომას. მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას – პარლამენტის ბოიკოტზე, მანდატების დატოვებასა და ა.შ. საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს, რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი. ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მათ შორის ამ განხილვებში ჩართვა. ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ალბათ უფრო იქნება დადებითი გადაწყვეტილება. ყოველ შემთხვევაში, ფრაქციის ყველა წევრს უნდა ეცნობოს და ფრაქციის ყველა წევრმა უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია. ჩემი პოზიცია არ შემიცვლია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.