რას აკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა მილიონამდე ემიგრანტმა მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში? - ამ შეკითხვით მიმართა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, რომელიც პარლამენტში „ინტერპელაციის წესით“ იმყოფება.

მისი თქმით,  ემიგრაციის მზარდი ტენდენციების გამო, მნიშვნელოვანი პრობლემა ხდება, თუ როგორ უნდა ჩაერთონ ქვეყნის გარეთ მცხოვრები მოქალაქეების საკუთარი ქვეყნის არჩევნებში.

"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს სახელმწიფოებს და რა თქმა უნდა საქართველოს, როგორც წევრს, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად უზრუნველყოს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის არჩევნებში ჩართულობა.

სახელმწიფოთა პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები ხმის მიცემას დისტანციურად, მინდობით ან ფოსტის მეშვეობით ახერხებენ. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოლდოვამ უზრუნველყო ემიგრანტების მაქსიმალური ინფორმირება ხმის მიცემის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. საარჩევნო უბნების გახსნის რეკორდული ციფრი დაფიქსირდა.

საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 37 ქვეყანაში 50 უბანი იყო გახსნილი. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 12 247-მა ადამიანმა, რაც ძალიან დაბალი რიცხვია საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ქვეყნები, ქალაქები, სადაც ჩვენი მოქალაქეების კონცენტრაცია მაღალია, მაგრამ ჩვენ მოქალაქეებს ექმნებათ ორი პრობლემა, ამასთან დაკავშირებით სამინისტრო საქმის კურსში არის. პირველი ძირითადი პრობლემაა არასაკმარისი საარჩევნო უბნები და განსაკუთრებით არასაკმარისი საარჩევნო უბნები იმ ქალაქებში, სადაც მაღალია ჩვენი მოქალაქეების კონცენტრაცია. მაგალითად, აშშ-ში ადამიანებს რამდენიმე ათასი კმ-ს დაფარვა უხდებათ იმისთვის, რომ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივიდნენ და ხმის მიცემის უფლება გამოიყენონ. ეს არის ის ძირითადი პრობლემა, რასაც აღნიშნავენ ჩვენი მოქალაქეები. მეორე პრობლემა, რაც ჩვენ მოქალაქეებს ექმნებათ, ძალიან სერიოზულია, მაგალითად, კამპანიის წარმოება. ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება, რომ თითქოს, ადამიანებს, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, მათ ჯერ საზღვარგარეთ ცხოვრების ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ იცხოვრონ ამ ქვეყანაში და საბუთებს ელოდებიან. საქართველოდან მათ ძალიან ბევრი მოქალაქე მცდარ ინფორმაციას აწვდის, თითქოს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის შემდეგ ამ ადამიანებს შეიძლება ადგილობრივ სამართალდამცველ უწყებებთან კონკრეტული პრობლემა შეექმნათ, რაც არის ძალიან სერიოზული მცდარი ინფორმაცია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 მანვე საგარეო უწყების ხელმძღვანელს მიმართა კითხვებით, რას აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ გაიხსნას კონკრეტული უბნები საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით მინიჭებული უფლების უზრუნველყოფისთვის, რას აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმისთვის, რომ აწარმოოს კამპანია და საქართველოს მოქალაქეებს აუხსნას მნიშვნელოვანი ფაქტი,რომ არავითარი სამართლებრივი შედეგები არ იქნება საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის შემდეგ.