ბიზნეს სექტორის როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში დიდია, შესაბამისად ჩვენი მხრიდან მხოლოდ ხელშეწყობა და თანადგომა ექნებათ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში გადაცემა "დებატებში" განაცხადა, რითაც პოლიტიკოს ნიკა ობოლაძის ბრალდებებს უპასუხა.

„ბიზნეს სექტორს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, სამუშაო ადგილების შექმნაში დიდი როლი აქვს. არ იფიქროთ, რომ სამშენებლო სექტორზე შეტევა შემთხვევით ხდება. 2017 წლამდე რიგი კამპანიები იყო, რომ თბილისი გაჩერებული იყო და არაფერი კეთდებოდა. 2017 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობაა, მიმდინარეობს აღმშენებლობა, უკვე შეტევა მიდის მშენებლობაზე. მაღალია პროცენტობა სამშენებლო ბიზნესის წილისა ქართულ ეკონომიკურ განვითარებაში. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მხოლოდ ხელშეწყობა და თანადგომა ექნებათ", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, დედაქალაქის მთავრობა ბიზნესს თანაბრად უჭერს მხარს, პოლიტიკური განწყობების მიუხედავად.

"იქ, სადაც ურბანულად მიუღებელია განაშენიანება, არავის მივცემთ ამის შესაძლებლობას. ამ საკითხს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ ამ ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი. ამის მაგალითია პარტია "ლელოს" ხელმძღვანელი, რომელსაც აქვს უდიდესი მშენებლობა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას ყველანაირი ხელშეწყობა აქვს", - აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, მანვე უპასუხა ოპონენტის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ზოოპარკის ამჟამინდელი ტერიტორია ბიზნესმენ სოსო ფხაკაძეს გადაეცა.

"საზოგადოებას მინდა დავანახო სიმართლე. ოპონენტი ამბობს, თითქოს ზოოპარკი ფხაკაძეებს გადავეცით, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი კი არ აქვს. სინამდვილეში, 2018 წლიდან დავიწყეთ აქტიური მუშაობა ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებით. ზოოპარკის ახლანდელ ტერიტორიაზე მოეწყობა პარკი, რომელიც მზიურს შეუერთდება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მშენებლობას, მერმა განმარტა, რომ აქ ცენტრალური პარკი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ უახლოეს მომავალში მოეწყობა.

"საქველმოქმედო ფონდი "ქართუ", ბიძინა ივანიშვილის ოჯახი აკეთებს ცენტრალურ პარკს. სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დამთავრდება. პროექტის პირველი ვერსია არ მოეწონა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს. ჩვენი თხოვნით ჩატარდა სამუშაოები, რომ გარკვეული სივრცეები ამოღებულიყო, გადაკეთდა პროექტი. ახლა კი მიმდინარეობს სამუშაოები", - განაცხადა კახა კალაძემ.