კახა კალაძე მედიასთან ლუკა ძაძამიას მიერ საკრებულოს დატოვებას გამოეხმაურა.
თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული მისი პირადი გადაწყვეტილებაა.
„ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ამ ახალგაზრდა ადამიანმა უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ბოლო თვეებში. ის აპირებს, მუშაობა კერძო სექტორში განაგრძოს. ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. გუშინ გვქონდა საუბარი. დარწმუნებული ვარ, თავად გააკეთებს განმარტებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება მედიის კითხვას, ძაძამიას წასვლა ხომ არ უკავშირდება წარსულში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებში მის მონაწილეობას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ შეუცდომელი არავინაა, მან აღნიშნულ ქმედებაზე განმარტებები გააკეთა და ამას მის წასვლასთან კავშირი არ აქვს.
„ყველას გვეშლება ცხოვრებაში, ის ახალგაზრდაა, მან გააკეთა განმარტებები ამასთან დაკავშირებით, რომ დაუშვა შეცდომა. მის აწმყოზე ყველაფერი გასაგები იყო, მომავლზე - თვითონ ისაუბრებს. არანაირი პრეტენზიები მის მიმართ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან არ ყოფილა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.








