"დღეს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია უმაღლეს დონეზე, რასაც მე პირადად მივესალმები. დღეს პირიქით არის, ხელისუფლებას აბულინგებენ, ხელისუფლების წინააღმდეგ ხდება გარკვეული სიბინძურეების გამოყენება და არაერთი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია ამ მიმართულებით", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველოს მესამე ადგილზე დაწინაურებასთან დაკავშირებით ჰკითხეს.
თბილისის მერის თქმით, წინა ხელისუფლებასთან შედარებით საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას ამ მიმართულებით დიდი პროგრესი და რადიკალურად განსხვავებული ხელწერა აქვს.
"მნიშვნელოვანია და მივესალმები ამ ყველაფერს, რომ არის ორგანიზაციები, რომლებიც რეალურად ხედავენ პროგრესს. ჩვენ გვახსოვს წლები, მე არ მიყვარს წარსულში დაბრუნება და წარსულზე საუბარი, თუმცა შედარებითვის მნიშცნელოვანია, გავიხსენოთ და ვისაუბროთ, რა ხდებოდა ქვეყანაში და შემდეგ პარალელი გავავლოთ, რა მდგომარეობა გვაქვს ამ მიმართულებით დღეს.
რადიკალურად შეცვლილი და განსხვავებული სიტუაცია გვაქვს, რადიკალურად განსხვავებული ხელწერა აქვს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას და, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც.
ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ადამიანი და ადამიანის უფლებები. შეიძლება, ვიღაცას ჰქონდეს განსხვავებეული მოსაზრება, მაგრამ მას აქვს ამისი უფლება. ძალიან მიხარია, რომ აღნიშნული ორგანიზაციების მიერ სწორი შეფასებაა გაკეთებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.