ძვირფასო პოლიციელებო, თქვენი სტატუსი სცდება პროფესიულ ჩარჩოებს. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ არა მხოლოდ პროფესიულ დღეს, არამედ სამშობლოს მსახურების, ერთგულებისა და თავდადების სიმბოლოდ ქცეულ თარიღს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ქვეყნის გაძლიერებაში განსაკუთრებულია ქართული პოლიციის როლი, რადგან ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი სწორედ კანონის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

„პოლიციელის დღეს ვულოცავ თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ბატონ მინისტრს, ყველას, ვინც ღირსეულად ატარებს პოლიციელის წოდებას და კეთილსინდისიერად, თავდადებით ემსახურება საკუთარ ქვეყანასა და ხალხს. პოლიციელის დღეს ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, რადგან ჩვენი სახელმწიფოს განვითარებასა და გაძლიერებაში განსაკუთრებულია ქართული პოლიციის როლი. ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი სწორედ კანონის დაცვა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სტაბილური გარემოს შექმნაა მოქალაქეებისთვის. ძვირფასო პოლიციელებო, სწორედ ამიტომ, თქვენი სტატუსი სცდება პროფესიულ ჩარჩოებს. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ არა მხოლოდ პროფესიულ დღეს, არამედ სამშობლოს მსახურების, ერთგულებისა და თავდადების სიმბოლოდ ქცეულ თარიღს, რომელიც შემთხვევით არ მოსდევს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მადლობას გიხდით საქართველოს ერთგულებისთვის, პროფესიონალიზმისთვის. ღმერთი იყოს თქვენი, თქვენი ოჯახებისა და სრულიად საქართველოს მფარველი! მინდა, მოვიხსენიო სამშობლოს სამსახურში დაღუპული პოლიციელები, დიდება მათ ხსოვნას“, – აღნიშნა თბილისის მერმა სიტყვით გამოსვლისას.