. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს ამ რთულ გზაზე. თუმცა, თუ მათი მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული კანდიდატის სტატუსის არ მიცემასთან დაკავშირებით, არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ქართული წესებით ითამაშებს. ამის შესახებ მან ანდრიუს კუბილიუსის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომ თუ საქართველოს სურს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, მათი წესებით უნდა იმუშაოს, კახა კალაძე უპასუხა, რომ ეს არის შანტაჟის ნაწილი.
„ეს არის იმ თამაშისა და შანტაჟის ნაწილი, რასაც ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვხედავთ და მას ხედავს საზოგადოებაც. საქართველოს ხელისუფლება ითამაშებს ქართული წესებით, გამოვა ქვეყნის ინტერესებიდან და გამოვა ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს ამ რთულ გზაზე. თუმცა, თუ მათი მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული კანდიდატის სტატუსის არ მიცემასთან დაკავშირებით, არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ე.წ. მეგობრებისთვის საქართველოს ხელისუფლება მისაღები არ არის იმიტომ, რომ ომში არ ჩაერთო.
„მე უკვე ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ეს არის დადგმული სპექტაკლი მიხეილ სააკაშვილის „შემოტანით“ საქართველოში. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მომხდარიყო დაპირისპირება, გადატრიალება. ე.წ. მეგობრებისთვის საქართველოს ხელისუფლება არ არის მისაღები იმიტომ, რომ არ ერთვება ომში, აკეთებს ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ხალხის ინტერესებს ეხება“, - განაცხადა კახა კალაძემ.