"ძალიან შემაშფოთებელი განცხადება იყო - საუბარი იყო ომზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე" - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „საქართველო გზაგასაყარზე დგას, მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, ეკუთვნის თუ არა ის ევროპული ქვეყნების ოჯახს“.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, რომელსაც სჭირდება პარტნიორები და არა ბატონები.

„ძალიან შემაშფოთებელი განცხადება იყო - საუბარი იყო ომზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე. ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა. თუ აქამდე შენიღბულად მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვაზე, აგერ პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე, დაემუქრა ქართველებს და სახელმწიფოს. ეს არის ძალიან მძიმე. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი დაბარება და უნდა დაისვას კონკრეტული კითხვები, რაზეც პასუხები გვჭირდება.

საქართველოს არაფრისგან გადაუხვევია. ჩვენ ვართ დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა. თუ ვინმეს სურვილი აქვს, რომ თავში წამოგვარტყას და თავის „ხუშტურებზე“ გვატაროს, ეს ასე ვერ იქნება. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ჩვენ, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს გვჭირდება მეგობრები, პარტნიორები და არა ბატონები, რომლებიც თითს დაგვიქნევენ. თითი დაუქნიონ მას, ვისაც აქამდე უქნევდნენ. ჩვენთან ეს არ გამოუვათ, რადგან ჩვენ ჩვენი პოლიტიკით ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესებს. რა თქმა უნდა, ყოველთვის გვექნება პრინციპული პოზიცია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.