პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ დემოკრატიაში გვაქვს ჩამორჩენა და საჭიროა დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება, - ამის შესახებ „რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტსა და მისი ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

„სტოლტენბერგთან ვიზიტის დროს ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა რაღაცები. სტოლტენბერგს ჰქონდა ორი ძირითადი შენიშვნა, რომელიც ძალიან დიპლომატიური ენით იყო წარმოთქმული. ჩვენთან შეიძლება სხვანაირად გაიგოს ადამიანმა ან შეიძლება მთავრობაში სხვანაირად წარმოაჩინონ, მაგრამ სინამდვილეში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ დემოკრატიაში გვაქვს ჩამორჩენა და საჭიროა მეტი პედალირება და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება. მეორე, ეს იყო უკრაინის მხარდაჭერა, რომელსაც მან ხაზი გაუსვა. თქვა, რომ უკრაინის მხარდაჭერა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.

კიდევ მან აღნიშნა, რომ საქართველოსთან გაგრძელდება ნაყოფიერი სუბსტანციური პაკეტის ფარგლებში. ეს ნიშნავს იმას, რომ საუბარი, რომ რაღაც სტატუსი მოგვანიჭონ ანუ ინსტიტუციური წინსვლა არ იქნება, მაგრამ ალბათ, იქნება ამ პაკეტის გაფართოება, მისი გაძლიერება სამხედრო დახმარების სხვადასხვა ფორმებით, რომელიც მიმართული იქნება იქითკენ, რომ საქართველომ გააძლიეროს თავისი თავდაცვა. ეს არის სტატუს ქვო, რომელიც დღესაა ამ საკითხთან მიმართებაში. მე არ მოველი არაფერ ახალს მომავალ ვილნიუსის ნატო-ს სამიტისგან, თუმცა უკრაინას ნამდვილად ექნება რაღაც ინსტიტუციური წინსვლა“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.