„სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრებს, არანაირი ურთიერთობა არასდროს არ გვქონია „ქოლცენტრებთან“ და საერთოდ ამ დანაშაულებთან“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ისკო დასენმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლის გიორგი ვაშაძის იმ განცხადების პასუხად, რომელიც ისკო დასენისა და მისი ოჯახის წევრების ე.წ. ქოლცენტრებთან კავშირს ეხებოდა.
ისკო დასენის თქმით, დასახელებული არიან ასევე მიხეილ არახამია, ზურაბ ლეშკაშელი, ქეთევან თევდორაძე და მალხაზ ამოიანი.
„ვაცხადებ, რომ არცერთს ამ დასახელებული პირებიდან არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრები არ იცნობენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშაძის ოჯახის წევრი მონაწილეობდა ამ დანაშაულის ჩადენაში. დღევანდელი განცხადებით ვაშაძე ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ყველამ ვიცით, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ფარგლებს გარეთ. დრო ყველაფერს გვაჩვენებს და დადგინდება, ვის მიერაა ჩადენილი ეს დანაშაულები. ვაშაძეს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, არც აქვს და ვერც წარმოადგენს“, -განაცხადა ისკო დასენმა.