მომღერალი ირმა სოხაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ სააკაშვილის ტექსტში მოტანილი ინფორმაცია მისი მეუღლის დაკავებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. 

მისი განმარტებით, "ის, რომ ექსპრეზიდენტი კვლავაც არ ცნობს მისი რეჟიმის სისასტიკის კრიტიკოსებს და მათ "გაშავებას" ასეთი სულმდაბალი ფორმით ცდილობს, თავისთავად მრავლისმეტყველი ამბავია!“

"ამ ტექსტს ვაქვეყნებ მხოლოდ თქვენთვის, საზოგადოებისთვის. და არა სააკაშვილის პასუხად. საჯაროობა მკაფიობას ითხოვს და უბრალოდ მინდა ვითარება განიმარტოს. მის ტექსტში მოტანილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - ვარდების რევოლუციის შემდეგ არც ჩემი მეუღლე დაუკავებიათ და არც სააკაშვილის ხელისუფლებისადმი ჩემი ურყევად უარყოფითი მიმართებაა განპირობებული პირადი ან ოჯახური გამოცდილებით. და ის, რომ ექსპრეზიდენტი კვლავაც არ ცნობს მისი რეჟიმის სისასტიკის კრიტიკოსებს და მათ "გაშავებას" ასეთი სულმდაბალი ფორმით ცდილობს, თავისთავად მრავლისმეტყველი ამბავია! ვერანაირი გაკვეთილი ვერ ისწავლეს, ვერც დასკვნები გამოიტანეს. კვლავ ირწმუნებიან, რომ მათ მოწინააღმდეგეებს ყოველთვის "პირადი ინტერესი" ამოძრავებთ! და კიდევ აქეთ გვამუნათებენ, როგორ გავბედეთ და მათი სისასტიკე გადავირჩიეთ!
  
 რთულ დროში ვცხოვრობთ და ახლა სხვა რეალობასთან გვიწევს ბრძოლა. მე ამ ახალი რეალობის მიუღებლობამ პირადი თუ კარიერული ინტერესების დათმობისკენაც მიბიძგა - ექსპრეზიდენტი ამას ვერ გაიგებს, მაგრამ ბევრი ჩვენგანისთვის ღირებულებები უმნიშვნელოვანესია. 
მჯერა, ისტორია ყველაფერს სწორ სახელს დაარქმევს.

მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის - ამით ეს თემა ჩემი მხრიდან დახურულია,- წერს ირმა სოხაძე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ირმა სოხაძე პირადი ინტერესის გამო იყო ანტინაციონალი.

მიხეილ სააკაშვილი: ირმა სოხაძისთვის აუტანელი ვიყავით, რადგან "ვარდების რევოლუციის" შემდეგ კონტროლის პალატის კორუმპირებული თავმჯდომარე, მოლაშვილი დაიჭირეს და მისი მოლარე, სოხაძის ქმარიც მიაყოლეს