"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას პასუხობს.

"არასდროს დამიმალავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩემი თანამებრძოლი და მეგობარი და მე მეგობრებზე უარს არ ვამბობ ანუ დღესაც მეგობრად მიმაჩნია. არასდროს დამიტოვებია არცერთი ჩემი მეგობარი და არც მას დავტოვებ, მაგრამ პირდაპირ ვამბობ: არანაირი კამპანიები სოციალურ ქსელში არასდროს არ დამიგეგმავს და არც განმიხოეციელებია, ეს კამპანიები მე არ მჭირდება, ისედაც საჯაროდ ვაფიქსირებ ჩემს აზრს, ჩემსავე სახელით! მე ვამხელ და ვებრძვი კობახიძეს და კვლავ ვამბობ, რომ ის არის ცრუ მაბეზღარა, ცილისმწამებელი, საბჭოთა "დასმენების" კანონების ავტორი და ქართული პოლიტიკის ყველანაირად დამაზიანებელი, რომელმაც დათესა უზარმაზარი ზიზღი და აგრესია ქვეყანის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც.

მე ვამხელ კობახიძეს არა იმიტომ, რომ ვინმე დავაზიანო ან რაიმე პროცესი დავაზიანო! კობახიძე უნდა წავიდეს, რომ ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგუროს! რაც შეეხება ღარიბაშვილის კომენტარს, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. ყველა საკითხზე გავაკეთებ კომენტარს!" - წერს ირმა ინაშვილი "ფეისბუკში". 

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადებას გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ "ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. 

"დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაიშვილისნაირმა „მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს.

ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგი იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი.

1. ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ.

2(მეორე ვარიანტი თვითონ შემოგვთავაზე, როგორც კომპრომისული გამოსავალი) - ვაღიაროთ (ჩვენს თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდეს ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5 წლიანი ვადით,  ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გაეკარო პოლიტიკას და თუ „გადადებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო“.

სრული განცხადება შეგიძლიათ იხილოთ აქ: ირაკლი ღარიბაშვილი -  სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!