ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა ეხმაურება. როგორც ის ამბობს, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ კონსტიტუციასთან იყოს შესაბამისობაში.
„ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად სამართლიანი პირობები შემოვიტანოთ ამ ადმინისტრაციულ კოდექსში, მათ შორის რაც შეეხება გზების პიკეტირებას და არა პიკეტირებას.
თანხვედრაში იქნება, თუ არ იქნება, შეუძლია ყველას გაასაჩივროს შესაბამის უწყებაში. კიდევ ერთხელ მიდის ახლა მსჯელობა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კონსტიტუციასთან იყოს შესაბამისობაში და ამაზე აქცენტირება გვექნება", - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
ცნობისთვის, საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. "ქართული ოცნების" ავტორობით შემდეგი ცვლილებები შევა კანონებში - აიკრძალება მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში, ასევე იკრძალება აქციის დროს შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძების და რკინიგზის ბლოკირება. ჯარიმის ნაცვლად, პატიმრობა იქნება ძალადობრივი ქმედებების საჯარო მოწოდებებზე. პოლიციელებზე ძალადობის თუ მუქარის ფაქტებზე კი პატიმრობის ვადა გაიზრდება.