საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა საქართველოში ევროკავშირის ელჩს კითხვებით მიმართავს.
„ჩვენს პარტნიორებს მეც ვუსმენდი, მათ შორის იყვნენ ევროპელებიც, ამერიკელებიც. აქციაზე „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის წახალისება, პოპულარიზაცია და მხარდაჭერა ხდებოდა, აცხადებდნენ, პოლიციელი რომ ცოცხლად დაწვა, ეს „მოსულა“. მინდა, ევროკავშირის ელჩს სამი კითხვა დავუსვა. კითხვა პირველი: ვინ აფინანსებდა მარგინალებს?
კითხვა მეორე: მაინტერესებს, 2020 წელს, როდესაც სამართლებრივად და ობიექტურად, ქართველი ხალხის მხარდაჭერით „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, მაშინ ISFED-ი, რომელიც იყო პარალელურად დათვლების ორგანიზაცია, ქვეყანას აჯანჯღარებდა და ხალხს ეუბნებოდა, გააყალბეს არჩევნები, გამოდით, ეს სახელმწიფო უნდა ჩამოვანგრიოთო. აღმოჩნდა, რომ შეცდომა ფორმულაში ჰქონდათ და ეს ექვსი თვის განმავლობაში იცოდნენ, მათ შორის, ევროკავშირის წინამორბედმა ელჩმა, ჰარცელმა. ეს ქმედება ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან იყო მოწოდება ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობისკენ. ევროკავშირის ელჩო, მაინტერესებს, ვინ აფინანსებდა ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს? თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, ამ ფონზე აშშ-ის მაღალჩინოსანი ჩამოვიდა და თქვა, რომ პარლამენტში შებრძანდით – ეს მიუღებელია. ოპოზიციას მოუწოდა, პარლამენტში შებრძანდით, ეს კინო ნანახი გვაქვსო. მაშინ ის იძულებული გახდა, რადგან მიხვდა, ეს ქმედება ანტისახელმწიფოებრივი იყო. მაინტერესებს, მათ ვინ აფინანსებდა?
მესამე კითხვა: მარგინალ და კანონის დამრღვევ მელიას გირაო ვინ გადაუხადა? ჩვენ ვიცით, რომ კანონი უზენაესია და ეს ღირებულება ევროკავშირშია. ამის გამოც გვინდა მანდ, რომ ნებისმიერი ადამიანი კანონის წინაშე იყოს თანასწორი. ბატონო ელჩო, იმაზე არაფერს გკითხავთ, რომ ეს კანონი თქვენს სახელმწიფოში ეროვნულ დონეზე გაქვთ მიღებული. არც იმაზე, რომ საფრანგეთის ქვედა პალატამ მკაცრი კანონი უკვე მიიღო. არც იმაზე გკითხავთ, რომ ევროკომისიამ თავისი დირექტივა უკვე გამოსცა და ალბათ ევროკავშირი უახლოეს დღეებში ან კვირებში გამჭვირვალობის შესახებ უფრო მკაცრ კანონს მიიღებს. ამ კითხვებზე რომ პასუხი გექნებათ, მზად ვარ, მოგისმინოთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.