„მეთიუ, are you kidding my friend? საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს მოსამართლეები დაასანქცირეთ. დღემდე ველოდებით [პასუხს] კონკრეტულად რის საფუძველზე, რა არგუმენტებით“- ასე გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ზარქუა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის მიერ სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
ზარქუა ასევე, იხსენებს მოსამართლე ჩხიკვაძის საქმეს და აღნიშნავს, რომ ბოდიში უნდა მოეხადა ყველას, ვინც მოსამართლეს და მის ოჯახს აბულინგებდა.
„შეგახსენებთ დასანქცირებულის კიდევ ერთ „ქეისს“- მოსამართლე ჩხიკვაძე, რომელიც დაასანქცირეთ იმიტომ, რომ გადაწყვეტილება მიიღო ბატონ გვარამიასთან დაკავშირებით, რომელმაც რამდენიმე მილიონი მოპარა რუსთავი 2-ს. ეს თემა შემდეგ გასაჩივრდა სტრასბურგში და სტრასბურგმა თქვა, რომ საერთოდ განხილვაშიც არ მივიღებ იმიტომ, რომ მოსამართლე ჩხიკვაძის გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და ობიექტურიო. ბოდიში უნდა მოგეხადათ თქვენ და საელჩოს, ვინც აბულინგებდით ამ მოსამართლეებს და მათ ოჯახის წევრებს“-აღნიშნავს ზარქუა.
ზარქუას თქმით, კანონის უზენაესობით საქართველო ევროკავშირის შვიდ სახელმწიფოს უსწრებს, მათ შორის, ნატო-ს თერთმეტ სახელმწიფოს, ხოლო სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა 50 პროცენტზე მეტია.
„რა კანონის უზენაესობაზე საუბრობთ, მათ შორის, თქვენი კვლევებით, კანონის უზენაესობით საქართველო ევროკავშირის შვიდ სახელმწიფოს უსწრებს, მათ შორის, ნატო-ს თერთმეტ სახელმწიფოს. საქართველოში სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა არის 50 პროცენტზე მეტი, მათ შორის, თქვენ მიერ კვლევებით გაკეთებული. შეგახსენებთ, თქვენს ქვეყანაში, ამერიკაში, თქვენი მოსახლეობა მხოლოდ 25 პროცენტი გენდობათ, what are you talking about, my friend? გაოგნებული ვარ. მე არ ვიცი თქვენ რა არგუმენტებს ეყრდნობით. დღემდე ველოდებოდით დასანქცირებული მოსამართლეების წინააღმდეგ რის საფუძველზე, არგუმენტები წარმოადგინეთ, იქნებ მართლები ხართ. კაპიტანი გიგაურის მიერ გადაგზავნილ შეფასებებს არ მივიღებთ იმიტომ, რომ ეს ადამიანი თვითონ არის მარგინალი და ეჭვმიტანილი სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამონგრევის საქმეში. ეს ჩვენთვის არ არის ავტორიტეტი. თქვენ გელოდებით, იქნებ წარმოადგინოთ კონკრეტული არგუმენტი, თუ არადა ბოდიში მოუხადეთ, მათ შორის, მოსამართლე ჩხიკვაძეს, რომელიც სტრასბურგმა არ მიიღო განხილვაში. თქვენ კიდევ დაასანქცირეთ და მისი ოჯახი აბულინგეთ. თქვენი ინიციატივით, შემდეგ ადგილობრივმა უსამშობლოებმა ეს გააკეთეს. ასე რომ, პირიქით, მე მოგიწოდებთ ჩემო მეგობარო“-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.