მამუკა ხაზარაძე ან აზრზე არ არის, თუ რაზე საუბრობს, ან ძალიან უტიფარია, ან არის თაღლითი, რაც სასამართლოთიც დადასტურებულია, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„არ არის ამ კაცის საქმე პოლიტიკა. ვისზე ამბობს? რუსეთში იშოვა ფული, პირველი აღიარება ჰქონდა, რომ თურმე სანკტ-პეტერბურგში იშოვა პირველი მილიონი, და მერე ჩამოვიდა. რეჟიმის დროს მშვენიერად ითბობდა ხელს, ბიზნესი ჰქონდა განვითარებული. რასაც ადეიშვილი და გვარამია დაადებდნენ თავის ბრჭყალებს, შემდეგ ბანკების მეშვეობით ხაზარაძე გადაფორმებებს აკეთებდა. სწორედ ეს შეთანხმებული გრაფიკი დაუნგრია ბიძინა ივანიშვილმა და ქართველმა ხალხმა, როდესაც 2012 წელს არჩევნების გზით ტირანია დავამარცხეთ“, - აღნიშნა ზარქუამ.

„ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას ეჭვქვეშ აყენებს და პენსიონერებს 1000-ლარიან პენსიას ჰპირდება. „ქართულ ოცნებაში“ ხაზარაძეს თაღლითს უწოდებენ.