რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ პრემიერის შენიშვნა კურორტების მომზადებასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს არ ეხება.
ამასთან, ქარსელაძის თქმით, მთავრობის სხდომაზე არ ყოფილა საუბარი, კონკრეტულად ვისთან აქვს შენიშვნები პრემიერს.
„სახეზეა ის, რომ პოტენციალი გაცილებით მეტია, შესაბამისად ჩვენი ძალისხმევა იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ეს პოტენციალიალი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული, რა თქმა უნდა, დროსთან ერთად, პროგრესი იყოს თვალსაჩინო.
ამ შემთხვევაში, სამინისტრო არაფერ კავშირში არ არის. ინფრასტრუქტურის სამინისტრო საგზაო ინფრასტრუქტურაა, ეს არის წყალსადენი, კანალიზაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ამ შემთხვევაში ურბანულ და ტურსიტულ განვითარებებს აწარმოებს რეგიონებში და ხელს უწყობს მათი პოტენციალის ზრდას, ეს არის სახელმწიფო სამშენებლო კომპანია, რომელიც კონკრეტულ პროექტებს ახორციელებს, არცერთ ამ კომპონენტთან შენიშვნა არ ყოფილა.
უპრიანია, რომ მოგვიანებით დააზუსტოთ ვისზე იყო საუბარი“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
შეგახსენებთ, პრემიერმინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხდა, რომ ის კურორტების მზადყოფნით კმაყოფილი არ არის და ეს ბოლო გაფრთხილებაა.