2025 წლის ბოლოს ყველა ქალაქში გვექნება 24 - საათიანი წყალმომარაგება. ასევე სოფლებიც უზრუნველყოფილი იქნებიან წყალმომარაგებით, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.
„2012 წლის შემდეგ წყალმომარაგებაში 2 მილიარდის ლარის პროექტები უკვე განხორციელებული გვაქვს. 100-ზე მეტ მდებარეობაში მიმდინარეობს პროექტები, 3 მილიარდი ლარის ღირებულების არის პროექტები, რასაც ვახორციელებთ. წყალმომარაგება ჩვენი პრიორიტეტია. სამწუხაროდ, 2012 წლის შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს ამ პრიორიტეტის განხორციელება.
არის საკითხები, რომლებსაც სჭირდება შესაბამისი დრო და რესურსი, აქედან გამომდინარე ჩვენი გეგმა მდგომარეობს იმაში, რომ 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქში გვქონდეს 24 საათიანი წყალმომარაგება, პარალელურად 2030 წლის ბოლომდე მთელ ქვეყანაში გვქონდეს სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება“,- განაცხადა ქარსელაძემ.
ამასთან, მინისტრის თქმით, 2025 წლის ბოლოს გარდა ქალაქებისა, სოფლებში იქნება წყალმომარაგება უზრუნველყოფილი.
„ნებისმიერი პროექტის განხორციელებისთვის შესაბამისი ეტაპებია გასავლელი, მათ შორის არის პროექტის წინამოსამზადებელი, შემდეგ უკვე საპროექტო სამუშაოები, შემდგომ უშუალოდ სამუშაოები. შეუძლებელია გადაახტე ამ ეტაპებს, ამას ობიექტურად გარკვეული დრო სჭირდება.
ძალიან ამბიციურია ის, რასაც ვამბობ, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა მდებარეობაში უკვე შესაბამისი სამუშაოები ან პროცედურები მიმდინარეობს ისე, რომ 2025 წლის ბოლოს ყველა ქალაქში გვექნება 24 - საათიანი წყალმომარაგება. ასევე სოფლებიც უზრუნველყოფილი იქნებიან წყალმომარაგებით“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.