დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ, საკრებულოს წევრებმა ანა გოგოლაძემ და ლილე ლიპარტელიანმა ბრიფინგი გამართეს. ისინი დედაქალაქის მერის, კახი კალაძის მისვლას ითხოვენ ურბანულ გენოციდთან დაკავშირებით.

„თბილისის მერიამ აგვისტოში დასამტკიცებლად წარუდგინა პროექტების მთელი კასკადი, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ურბანულო ნაღმები. საუბარია დაახლოებით 2მლნ კვადრატული მეტრის მშენებლობაზე, რომელიც გამოიწვევს თბილისის ურბანულ დამახინჯებას. მოვითხოვთ, მობრძანდეს კახი კალაძე საკრებულოში და თავად გასცეს თბილისელებს პასუხი.

„კახი კალაძე რამდენიმე დღეა იმალება, არ ჩნდება. გამომდინარე იქიდან, რომ საუბარი ეხება დაახლოებით 2 მლნ კვადრატული მეტრის მშენებლობას, ქალაქის ურბანულ დამახინჯებას, ჩვენ მოვითხოვთ, რომ თავად ბატონი მერი - კახი კალაძე მობრძანდეს და გასცეს თბილისელებს პასუხი, ეს არის თბილისელებისთვის სასარგებლო პროექტები, ეს არის ის პროექტები, რომელიც ქალაქს გახდის კიდევ უფრო მწვანეს, კიდევ უფრო კომფორტულს თუ ეს არის ის პროექტები, რომელიც თბილისს კიდევ უფრო მეტად დაამახინჯებს და თბილისელებისთვის გახდის უბრალოდ კიდევ უფრო გაუსაძლის?“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.