"ველოდები რადიკალური ოპოზიციის და მათი მეგობრების, კონკრეტული ევროპარლამენტარების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრასბურგი კლავს სააკაშვილს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს იქნებოდა ძალიან ადეკვატური მესიჯი, იმ კამპანიის ფონზე, რომელსაც ისინი მთელი ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში აწარმოებდნენ, რეალობა ყველამ დაინახა.
„სტრასბურგმა დაადასტურა, რასაც ვამტკიცებდით წელიწად-ნახევრის განმავლობაში. კონკრეტული პატიმარი სათანადო მოპყრობის პირობებშია და მისი ყველა უფლება არის რეალურად დაცული. ეს არის რეალობა, აქედან გამომდინარე, სპეკულაციებს დაესვა წერტილი. მინდა, შეგახსენოთ, რომ ამასთან დაკავშირებით წარმოებდა წელიწად-ნახევრიანი კამპანია რადიკალური ოპოზიციის და მისი კუთვნილი მედიასაშუალებების მხრიდან. ასევე ამაში იყვნენ ჩართული ყოფილი სახალხო დამცველი, ენჯეოები, კონკრეტული ევროპარლამენტარები და სხვა სუბიექტები, რაც არის ძალიან მძიმე. წელიწად-ნახევარი საზოგადოება ჰყავდათ დაზაფრული აბსოლუტური ტყუილით, რაც უკავშირდებოდა იმას, თითქოს 500-ზე მეტი დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი კვდებოდა. ამხელა ტყუილით კვებავდნენ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, ეს არის უბრალოდ სირცხვილი. ბოდიშიც კი არავის მოუხდია ამის შემდეგ. წელიწად-ნახევარი ისე ატყუეს საზოგადოების ნაწილი ამ ფეიკით, რომ დღემდე ბოდიში არ მოუხდიათ არც ამ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, არც ამ ენჯეოების წარმომადგენლებს, არც ლომჯარიას, არც ამ ევროპარლამენტარებს და არც შესაბამის მედიასაშუალებებს. ბოდიში უნდა მოეხადათ საზოგადოებისთვის, თუმცა ეს ბოდიში დღემდე არ ჩანს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.