ყველამ იცის, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ კოლექტიური ნაცმოძრაობის იმედით არღვევს კონსტიტუციას. ეს იმედი რომ არ ჰქონოდა, რა თქმა უნდა, ასეთ რისკზე არ წავიდოდა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი უფლებამოსილების ერთი წელი აქვს დარჩენილი, ბუნებრივია, მისთვის ძვირფასია ეს ერთი წელიც პრეზიდენტის თანამდებობაზე - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”- ში განაცხადა, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრისას.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, როდესაც ასე უხეშად ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, ამის რეაგირების გარეშე დატოვება მმართველი გუნდის მხრიდან უპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნებოდა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის გათვლაა, საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც სასამართლომ უნდა დაადგინოს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა.
„მიზანი არის მარტივი, ჩვენ უნდა დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქვეყნის ძირითადი კანონის წინაშე, რომ მაქსიმალური პატივისცემა გამოვავლინოთ ამ დოკუმენტის მიმართ. როდესაც ასე უხეშად ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, ამის რეაგირების გარეშე დატოვება მმართველი გუნდის მხრიდან უპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ერთადერთი მოტივაცია არის სწორედ ეს, რომ განუხრელად უზრუნველვყოთ საქართველოს კონსტიტუციის დაცვა.
პირველ რიგში ყველამ იცის, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ კოლექტიური ნაცმოძრაობის იმედით არღვევს კონსტიტუციას. ეს იმედი რომ არ ჰქონოდა, რა თქმა უნდა, ის ასეთ რისკზე არ წავიდოდა. მას მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი უფლებამოსილების ერთი წელი აქვს დარჩენილი, ბუნებრივია, მისთვის ძვირფასია ეს ერთი წელიც პრეზიდენტის თანამდებობაზე, აქედან გამომდინარე, რომ არ ჰქონდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი, ბუნებრივია, ის ამ რისკზე არ წავიდოდა. შესაბამისად, არარეალურია 100 ხმის მოგროვება, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ეს წინასწარ ვთქვით, რომ ამაზე არ გვაქვს გათვლა. ჩვენი გათვლა არის შემდეგი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა წარვუდგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც სასამართლომ უნდა დაადგინოს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ეს იმდენად მარტივი კაზუსია, რომ დიდი მსჯელობაც არ სჭირდება ამ ყველაფერს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ