„უხეშ ტერმინს გამოვიყენებ და ვიტყვი, რომ „ნაცმოძრაობა“ რამდენად გოიმური პოლიტიკური ძალაა, ეს ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა ამ პროცესების შემდეგ. ინტელექტისგან, ღირებულებებისგან და ყველაფრისგან დაცლილია ეს პოლიტიკური ძალა. ამის საუკეთესო ნიშანი და ლუსტრაცია იყო ის საარჩევნო პროცესი, რომელიც „ნაცმოძრაობაში“ წარიმართა და, რისთვისაც, რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ „ნაცმოძრაობის“ წინაშე“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

შეკითხვაზე, ხედავს თუ არა მმართველი გუნდი პროცესების რადიკალური გზით განვითარების საფრთხეს, კობახიძემ აღნიშნა, რომ რადიკალიზაცია მთლიანად არის დამოკიდებული რადიკალური ოპოზიციის სიძლიერეზე, დღეს კი, რადიკალური ოპოზიცია რადიკალურად არის დასუსტებული.

„რადიკალური ოპოზიცია ძლიერი უნდა იყოს იმისთვის, რომ პროცესების რადიკალიზაცია მოხდეს. დღეს, მთავარი მიღწევა, მათ შორის ჩვენიც და ზოგადად ქვეყნის, არის ის, რომ რადიკალური ოპოზიცია რადიკალურად არის დასუსტებული და შესაბამისად, მას აღარ აქვს რადიკალიზაციის რესურსი. ისინი არა მარტო რადიკალური ოპოზიცია არიან, ისინი იყვნენ რადიკალური ხელისუფლებაც. იგივე ცხრა წლის განმავლობაში, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, რაც უფრო ძლიერი იყო „ნაცმოძრაობა“, მით მეტი ზიანი ადგებოდა ქვეყანას და ხალხს, რადგან მერე იზრდებოდა რეკეტის ხარისხი, პატიმრების წამების ხარისხი, ომიც მაშინ მოხდა, როცა ძლიერი იყვნენ და ასე შემდეგ. ოპოზიციაშიც ასე არიან, როცა ძლიერდება „ნაცმოძრაობა“, მაშინ მეტი არეულობა და პრობლემები აქვს ხოლმე ქვეყანას და ხალხს. ამ შემთხვევაში კარგია ის, რომ „ნაცმოძრაობა“ უკიდურესად არის დასუსტებული და შესაბამისად, ეს დადებითად აისახება ქვეყნის მდგომარეობაზე, საზოგადოების მდგომარეობაზე, ეკონომიკის განვითარებაზე და მთლიანად რადიკალიზაციის ხარისხზე ჩვენ ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.