„საზოგადოებისთვის მაინც საჭირო არის ხოლმე ყველაფრის შეხსენება. „ნაცმოძრაობის“ დანაშაულები ჩადენილი იქნა 2012 წლამდე, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და მაინც პერიოდულად არის შესახსენებელი ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის, მათ შორის განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის, რომელთაც არ უნახავთ საკუთარი თვალით ყველა ის უმძიმესი დანაშაული, რაც ჩაიდინა მაშინდელმა რეჟიმმა. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
"ეს იყო ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, ადამიანების წამება, მკვლელობა. პირდაპირ წამების სისტემა ჰქონდათ შექმნილი ციხეებში, რაც სტრასბურგის სასამართლოს აქვს ოფიციალურად დადასტურებული. ამასაც სჭირდება შეხსენება. არჩევნების ტოტალური გაყალბება. 2008 წლის არჩევნები როგორ გაყალბდა ყველას უნდა ახსოვდეს და ომი, რაც იყო ერთ-ერთი მთავარი დანაშაული. დაკარგული ტერიტორიები და ამის შეხსენება საჭიროა იმისათვის, რომ საზოგადოებამ სწორი არჩევანი გააკეთოს, მათ შორის 26 ოქტომბერს.
რაც შეეხება გვარამიას პარტიას, ეს არის „ნაცმოძრაობის“ გაგრძელება. გარდა ამისა, ოპოზიციაში ყოფნის დროს რასაც აკეთებდნენ ეს ადამიანები, ესეც უნდა შევახსენოთ საზოგადოებას. ხაზარაძეს რაც შეეხება, თქვენ გახსოვთ მისი ბიზნესკავშირები წინა ხელისუფლებასთან, ავტორიტარულ რეჟიმთან. ბიზნესი მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა, ყოფილიყო წარმატებული, თუ შავ საქმეებში თანამშრომლობდა მაშინდელ ხელისუფლებასთან. გავიხსენოთ კიდევ ერთხელ „მაგნატის“ უმძიმესი საქმე, „კონსტანტას“ საქმე, „ელიტ ელექტრონიქსის“ საქმე, სადაც პირდაპირ ფიგურირებს ხაზარაძე და თითოეულ ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა ბიზნესის რეკეტს.
ღამე ბიზნესების გადაფორმებას კონკრეტული ბანკების მეშვეობით და ა.შ. ამის შეხსენებაც საჭიროა საზოგადოებისთვის. არ შეიძლება, ასეთი სუბიექტები ერთ ხმასაც კი იღებდნენ, ამასაც რომ თავი დავანებოთ, როდესაც ასეთ პარტიებს აქვთ იმის ამბიცია, რომ გადალახონ ბარიერი, მოვიდნენ პარლამენტში, ეს რა თქმა უნდა, ძალიან ტრაგიკულია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.