მას შემდეგ, რაც ჩვენ ავიღებთ ას მანდატზე მეტს საქართველოს პარლამენტში, განხორციელდება სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
„პრეზიდენტის ინსტიტუტი არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტი და ჩვენ ვიცავთ ხოლმე წესებს. ამ წესებს სამწუხაროდ, არ იცავენ ის ძალები, რომლებსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. მათთვის დამოუკიდებელი არის მათზე დამოკიდებულის სინონიმი. სხვა ინსტიტუტების მიმართაც ეს მოთხოვნა არის ხოლმე ძალიან ხშირად, რომ თუ არის მთავრობის ქვეშ, უნდა გახდეს დამოუკიდებელი. ამ ძალებისთვის სიტყვა „დამოუკიდებელი“ არის მათზე დამოკიდებულის სინონიმი. აქაც უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი ძალიან მარტივად მოახერხეს.
მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული. მაინცდამაინც ფულს არ ვგულისხმობ, მაგრამ ამის სანაცვლოდ მას აქვს მატერიალური სარგებელი მიღებული ამის სანაცვლოდ, რასთან დაკავშირებითაც მოვა დრო და შეგვიძლია, უფრო თამამად ვისაუბროთ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ აქაც ძალიან ღრმად შევდივართ გარკვეულ თემებში, რაც გარკვეულ რისკებს შეიცავს, არ მინდა, რომ უფრო მეტად გავშალო ეს თემა, მაგრამ ამაზე საუბრის დროც დადგება. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ მატერიალურ სარგებელში არ ვგულისხმობ მაინცდამაინც ქრთამის აღებას, ფულის მიღებას და ა.შ, თუმცა მატერიალური შინაარსი აქვს იმ სარგებელს, რომელიც მას აქვს მიღებული. მას აქვს დარჩენილი თანამდებობაზე ყოფნის ძალიან მოკლე ვადა. ჩვენ დავაინიცირეთ იმპიჩმენტის პროცედურა, რასაც ასევე სიმბოლური დატვირთვა აქვს. დაახლოებით ერთი თვით შეიკვეცება მისი უფლებამოსილების ვადა.
მას შემდეგ, რაც ჩვენ ავიღებთ ას მანდატზე მეტს საქართველოს პარლამენტში, დეკემბრის პირველ რიცხვებში, ან ნოემბრის ბოლოს, როგორც ჩაინიშნება პირველი სხდომა, განხორციელდება მისი იმპიჩმენტი. აქედან გამომდინარე, მასზე დიდხანს საუბარს მაინცდამაინც დიდი პრაგმატული დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს“, - განაცხადა პრემიერმა.