ის ფაქტი, რომ NGO-ები და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან არიან შერწყმული, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელი იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბათუმში პარტია ლელოსა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების გასვლით შეხვედრას ეხებოდა.

„პოლიტიკის დაფინანსება საქართველოში უნდა იყოს  გამჭვირვალე, მით უმეტეს, როდესაც NGO-ების გავლით ხდება პოლიტიკის დაფინანსება, ესეც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გამჭვირვალე. ასეთი აღრევა NGO-ებსა და პარტიებს შორის კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს შავი ფული, დამალული ფული, რაც აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს ქართული საზოგადოებისთვის“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.