ევროკავშირმა თქვა, რომ სამი პუნქტი სრულად არის შესრულებული და რადიკალური ოპოზიცია თავისი „ენჯეოებით“ აცხადებს, რომ სამი კი არა ერთია შესრულებული, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არ სურს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„როდესაც 17-დან მხოლოდ ერთ ან ორ ინიციატივას უჭერ მხარს, იქაც კონკრეტული მიზეზი ჰქონდა ამას და არა კონსტრუქციული მიდგომა. როდესაც ასეთი მაჩვენებელი არსებობს, ეს რა თქმა უნდა, უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, რომ შესაბამისი პარტიები ყველაფერს აკეთებენ, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭოს. ეს არის უტყუარი მტკიცებულება. ამას დამატებითი ჩაღრმავებაც კი არ სჭირდება. ეს ყველაფერი ისედაც ვიცი, როგორია მათი რიტორიკა, როდესაც ისინი საუბრობენ იმაზე, რომ არაფერი სრულდება და ხელისუფლება არაფერს აკეთებს, ესეც არის კამპანია სტატუსის წინააღმდეგ. თუ არაფერს აკეთებს ხელისუფლება, როგორ შეიძლება სტატუსი მოგენიჭოს? მაგრამ ამ ტყუილს ისინი ძალიან აქტიურად ტირაჟირებენ. აქედან პირდაპირ ჩანს, რომ მათ არ სურთ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. თვითონ ევროკავშირმა თქვა, რომ 3 პუნქტი სრულად არის შესრულებული და რადიკალური ოპოზიცია თავისი „ენჯეოებით“ აცხადებს, რომ სამი კი არა ერთია შესრულებული. წარმოიდგინეთ, რომ გულშემატკივარი ზის ტრიბუნაზე და მსაჯი ამბობს, რომ პენალტია მაგალითად შენი გუნდის სასარგებლოდ და გულშემატკივარი ყვირის, რომ არ არის პენალტი. ხომ წარმოუდგენელი რამეა?! ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არ არიან გულშემატკივრები, არამედ გულშემატკივრობენ საკუთარი გუნდის წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რადგან მათ არ აქვთ სამშობლო და არიან ჩვეულებრივი აგენტურა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.