ევროკავშირის ელჩის განცხადებამ ოპოზიციას ცივი წყალი გადაასხა, ელჩმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის მოთხოვნა იყო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიღება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ამ საკითხზე თვეების განმავლობაში სპეკულირებდა.

„თვეების განმავლობაში ვაცხადებდით, რომ ამ კანონის მიღება იყო ევროკავშირის მოთხოვნა, ასევე გვქონდა მჭიდრო კონსულტაციები ევროკავშირის სტრუქტურებთან, ევროკომისიის სტრუქტურებთან, რომ მათთან შეგვეთანხმებინა კანონპროექტის თითოეული დეტალი. ასეთ ფონზე, ოპოზიცია მაინც ახერხებდა სპეკულირებას და ახლა, ელჩის ამ განცხადებამ მათ ცივი წყალი გადაასხა, ელჩმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის მოთხოვნა იყო ამ კანონის მიღება, მეორე – ასევე, სამუშაო პროცესიც იყო კოორდინირებული. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ განაწყენებულია ოპოზიცია, თუმცა ელჩის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები, ასეთ დროს, როდესაც მხოლოდ ფაქტის კონსტანტაცია ხდება ევროკავშირის ელჩის მხრიდან, აბსოლუტურად გაუმართლებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გუშინ განაცხადა: „გასული კვირების განმავლობაში, განსაკუთრებით ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ, ცხადად არის ბევრი დადებითი მოვლენა, მათ შორის „მაუწყებლობის კანონზე“ მუშაობა“.