პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საინტერესო ანგარიშისთვის, რომელიც მოიცავდა ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს.
„ეკონომიკაზე გაკეთდა განსაკუთრებული აქცენტი. გვაქვს ძალიან სერიოზული მიღწევები როგორც ეკონომიკის მიმართულებით, ასევე ყველა დარგში. საუბარი იყო განათლებაზე, ჯანდაცვაზე, რა თქმა უნდა, საგარეო პოლიტიკაზე, სადაც გვაქვს ფუნდამენტური მიღწევა კანდიდატის სტატუსის სახით. თითოეული მიღწევა, რაზეც იყო საუბარი პრემიერის ანგარიშში, გამყარებული იყო მტკიცებულებებით, ციფრებით და ამას უსმენდა ქართული საზოგადოება. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და კიდევ მეტია გასაკეთებელი მომდევნო წლების განმავლობაში, რათა ქვეყანამ მიაღწიოს ფუნდამენტურ წინსვლას, მაგრამ გვაქვს ძალიან კარგი ტემპი აღებული ყველა მიმართულებით და ამისთვის, ბუნებრივია, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პრემიერს და მთლიანად სამთავრობო გუნდს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა.