სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, ხმაშეწყობილად მოქმედებდეს ყველა კონსტიტუციური ორგანო, ამ კუთხითაც იყო გარკვეული გამოწვევები, თუმცა დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული ვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ყველა კონსტიტუციური ორგანო და სახელმწიფო დაწესებულება მოქმედებს ერთი კონკრეტული ინტერესით, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს ქვეყნის განვითარება და მოსახლეობის ინტერესების დაცვა.

„გუნდი არის ერთიანი, როგორც არასდროს და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენ გვაქვს ბოლო პერიოდის განმავლობაში. იყო ზეწოლა სხვადასხვა ინსტიტუტთან მიმართებით. მაგალითად, ეროვნული ბანკის შემთხვევა მინდა, გავიხსენო, როდესაც მათ შორის, ევროპული ბიუროკრატია ითხოვდა პარლამენტისგან, რომ არ დაეკომპლექტებინა ეროვნული ბანკის საბჭო. როგორ შეიძლება, ასეთი მოთხოვნით გამოხვიდე დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ. ჩვენ არ გავითვალისწინეთ ევროპული ბიუროკრატიის ეს მოთხოვნა. შედეგად მივიღეთ ის, რომ პირველად ისტორიაში 6 მლრდ დოლარს გადასცდა ჩვენი სავალუტო რეზერვები, ლარის კურსი გამყარდა და წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ამ შემთხვევაში ევროპული ბიუროკრატიისთვის, მაშინ მართლაც ახდებოდა ის პროგნოზები, რომლებსაც ე.წ. ექსპერტები აკეთებდნენ მათივე დაკვეთით. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ დროს ბოლომდე უნდა დავიცვათ ხოლმე ჩვენი სახელმწიფო ინტერესები. ეროვნული ბანკის შემთხვევაში ეს გავაკეთეთ და ეროვნული ბანკი მოქმედებს სახელმწიფო ინტერესების, საზოგადოების ინტერესების შესაბამისად, საბედნიეროდ და არა არაფორმალური ძალებისა და ევროპული ბიუროკრატიის ინტერესების შესაბამისად. ეს ეხება უკლებლივ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს და ეს აუცილებელია ამ გამოწვევებით სავსე ვითარებაში. ვგულისხმობ რეგიონულ კონტექსტს და მსოფლიოში არსებულ ვითარებას. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს საკუთარი ეროვნული ინტერესების ბოლომდე დაცვა და ჩვენ შეგვიძლია, ვიამაყოთ იმ მდგომარეობით, იმ ვითარებით, რომელიც სახელმწიფო სისტემაში დღეს არის ჩამოყალიბებული“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მოსახლეობისთვის მთავარია, დაცული იყოს ქვეყნის სასიცოცხლო, ეროვნული ინტერესები, უზრუნველყოფილი იყოს ეკონომიკური განვითარება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რთული ვითარებაა დღესაც შექმნილი მსოფლიოში, გამოწვევები არ შეცვლილა და შესაბამისად, არ იყო იოლი ვითარების მართვა საერთაშორისო პოლიტიკური თვალსაზრისით.

„ყველა ხედავდა, რამხელა ზეწოლა იყო საქართველოზე და ეს ზეწოლა გრძელდებოდა, მათ შორის გასული ორი წლის განმავლობაშიც. კეთდებოდა ეკონომიკასთან დაკავშირებით უარყოფითი პროგნოზები, განსაკუთრებით გასული წლის დასაწყისში, თუმცა აქაც, მიუხედავად იმისა, რომ იყო განსხვავებული ინტერესები, იყო საერთაშორისო სირთულეები, მოვახერხეთ ჩვენი ეკონომიკის სტაბილური განვითარება. ეს იყო ჩვენი უმთავრესი ამოცანა. საბოლოო ჯამში, ჩვენი მოსახლეობისთვის ეს არის მთავარი, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები, ეროვნული ინტერესები, უზრუნველყოფილი იყოს ეკონომიკური განვითარება და შეიძლება, თამამად ითქვას, რომ მიუხედავად ძალიან სერიოზული გამოწვევებისა, მათ შორის გარე ზეწოლისა, ჩვენ მოვახერხეთ პრინციპულად ამ ამოცანების შესრულება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.