ვერავის მივცემთ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევისა და საქართველოში დემოკრატიის პრინციპის ხელყოფის შესაძლებლობას, რაც წლების განმავლობაში მიღებული პრაქტიკა იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტულმა სუბიექტებმა სცადეს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გვერდის ავლა, მათ შორის ევრობიუროკრატიის წარმომადგენელმა საჯაროდ განაცხადა, რომ ეძებენ გზებს კანონის გვერდის ავლისთვის.
„მნიშვნელოვანია, ნებისმიერი კანონი იყოს ეფექტური და ეფექტიანი. მოხდა ისეთი რამ, რომ კონკრეტული ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ საზღვარგარეთ, მაგალითად ესტონეთში. ისინი აცხადებდნენ, რომ სტიგმატიზაცია იყო მთავარი პრობლემა ამ კანონში და არ სურდათ, რომ ჰქონოდათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსი და ამ დროს თავად დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური ძალა. აქედან ჩანს, როგორი ყალბი იყო ის დისკუსიები, რომლებიც სტიგმატიზაციასთან და ზოგადად ამ კანონის გარშემო წარიმართა მათი მხრიდან. კანონი უნდა მუშაობდეს მაქსიმალური ეფექტურობით და ზუსტად ამას ემსახურება ეს დამატებითი ცვლილებები, რომლებიც ხორციელდება კანონმდებლობაში. თუ სადმე არის გვერდის ავლის პრეცედენტები, ასეთი რისკები, ბუნებრივია, უნდა აღმოიფხვრას და ეს არის მთავარი მიზანი, რომელსაც ემსახურება ეს კანონი. ზოგადი პრინციპი არის ის, რომ არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ვინმე ერეოდეს ჩვენს შიდა პოლიტიკაში. ეს არის კონსტიტუციური პრინციპი, საყოველთაო პრინციპი, სუვერენიტეტის პრინციპთან არის დაკავშირებული. ბუნებრივია, აქ უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრულები შესაბამისი ინტერესების გატარების თვალსაზრისით. ვერავის მივცემთ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის შესაძლებლობას და საქართველოში დემოკრატიის პრინციპის ხელყოფის შესაძლებლობას, რაც წლების განმავლობაში მიღებული პრაქტიკა იყო. ეს პრაქტიკა დამკვიდრდა 90-იანი წლებიდან და მეტ-ნაკლები სიმძაფრით ხორციელდებოდა ჩვენს ქვეყანაში. ეს არ არის სწორი პრაქტიკა, ჩვენს შიდა პოლიტიკური საქმეებში ქვეყნის გარედან არავინ უნდა ერეოდეს. ქართული საზოგადოების გადასაწყვეტი უნდა იყოს ქართული პოლიტიკის საკითხები და ზუსტად ამას ითვალისწინებს ის ცვლილებები, რომლებიც განხორციელდება კანონმდებლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ბოლომდე უნდა გათავისუფლდეს თავსმოხვეული პოლარიზაციისგან.
„ჩვენ, სამწუხაროდ, თავს მოგვახვიეს პოლარიზაცია, ორპოლუსიანი სისტემა, რაც აბსოლუტურად ხელოვნური იყო და ამ ორპოლუსიანი სისტემის მეორე მხარე იყო არაჯანსაღი ოპოზიცია. ეს იყო ხელოვნურად დადგმული სცენა, რისგანაც ჩვენ ვთავისუფლდებით ძალიან სწრაფი ტემპით და ბოლომდე უნდა გავათავისუფლოთ ამ თავსმოხვეული პოლარიზაციისგან ჩვენი ქვეყანა. იმ პირობებში, როდესაც იყო ორი მხარე და აქედან ერთ-ერთი იყო არაჯანსაღი ოპოზიცია, ჯანსაღი ოპოზიციისთვის უბრალოდ აღარ რჩებოდა არავითარი სივრცე. იყო გარკვეული მცდელობები, კონკრეტულ ოპოზიციურ ძალებს ემოქმედათ ჯანსაღი პრინციპებით, ჯანსაღი ოპონირების რეჟიმში, მაგრამ მაშინვე მთელი რადიკალური ოპოზიცია მოქმედებდა ასეთი ძალების წინააღმდეგ და არ აძლევდა არავის ასეთი სახით მოქმედების საშუალებას. რა თქმა უნდა, ეს უნდა შეიცვალოს. იმ პირობებში, როდესაც გრძელდება რადიკალების დასუსტების პროცესი, უნდა ვიზრუნოთ საზოგადოებაში ჯანსაღი დისკუსიის გაშლისთვის და სწორედ ამას ეძღვნებოდა ის ინიციატივა, რომლითაც გამოვედით, რომელიც უკავშირდებოდა საჯარო დებატების გამართვას და ამ კულტურის არა აღდგენას, არამედ დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ასეთი კულტურა ბოლომდე ვერასდროს ჩამოყალიბდა, ვერც 90-იან წლებში,“- განაცხადა პრემიერმა.











