„ენჯეოების“ და რადიკალური ოპოზიციის მიზნები ერთმანეთისგან არ განსხვავდება, ზუსტად იგივეა. აშკარად გაღიზიანებული არიან იმის გამო, რომ ახალ ელჩს აქვს განსხვავებული დამოკიდებულება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის ელჩის სახელით გამართულ მიღებაზე, ელჩის მიერ სიტყვით გამოსვლის შემდეგ ზურაბ ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ ტაში არ დაუკრეს.

„მინდა, გავიხსენო ერთი დეტალი – ვესწრებოდით ამერიკის ელჩის სახელით გამართულ მიღებას, სადაც ელჩმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ამ სიტყვის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველამ ტაში დავუკარით. იქ იყვნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია, რომლებმაც ტაში არ დაუკრეს ელჩის სიტყვით გამოსვლის შემდეგ. მათ აღიზიანებთ ნებისმიერი ისეთი ქმედება, მათ შორის ამერიკის ელჩის მხრიდან, რომელიც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებისკენ არის მიმართული. მათ მოსწონდათ ის დინამიკა, რომელიც იყო მანამდე და არ მოსწონთ ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც დღესაა ამ ურთიერთობებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.