26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს მშვიდობა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი! 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო! - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, გასული 12 წლის განმავლობაში, ქვეყანას ჰქონდა უმნიშვნელოვანესი მიღწევები. მისივე თქმით, ურთულესი გამოწვევებისა და ზეწოლის მიუხედავად, საქართველომ შეინარჩუნა უწყვეტი 12-წლიანი მშვიდობა და „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია.
„წარსულს ჩავაბარეთ ადამიანების მკვლელობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, გათავისუფლდა ბიზნესი, გათავისუფლდა მედია, ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები; საქართველოს ეკონომიკა 28 მილიარდი ლარიდან 80 მილიარდამდე გაიზარდა. შესაბამისად, სამჯერ გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტიც; „ქართულმა ოცნებამ“ აამოქმედა უპრეცედენტო მხარდაჭერის პროგრამა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რითაც ოთხივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა უკვე წლებია სარგებლობს; ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და რამდენჯერმე გაუმჯობესდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი; რამდენჯერმე გაიზარდა გზების, სკოლების, ბაღების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის ტემპი; სპორტის სფეროში ასევე რამდენჯერმე გაიზარდა დაფინანსება და თქვენ იცით რამხელა წარმატება მოუტანეს ქართველმა სპორტსმენებმა ჩვენს ქვეყანას და მადლობა მათ თითოეული იმ წარმატებისთვის, რომელმაც სიამაყის გრძნობით აგვავსო. ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები, რამაც აგრარულ სექტორს უდიდესი წარმატება მოუტანა; ქვეყნის მასშტაბით განახევრდა უმუშევრობა; 700 ათასამდე ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს; საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.