„ჩვენმა საზოგადოებამ საკანონმდებლო ორგანოდან ამომწურავი პასუხები მოისმინა ყველა იმ კითხვაზე, რაც ჰქონდა. მათ შორის იმ თემებზე, რომლითაც აგენტები სპეკულირებას ცდილობდნენ. დარწმუნებული ვარ, ცრუ აღქმები, რის დათესვასაც ცდილობენ, საბოლოოდ გაქარწყლდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მოუსმინეს.
ირაკლი კირცხალიამ პრემიერ-მინისტრს ქვეყნის საკეთილდღეოდ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯში, უმრავლესობის სახელით, მხარდაჭერა დაუდასტურა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ფრაქციის, „საქართველოსთვის“ წევრების განცხადებას გამოეხმაურა.
„ყოველ დღე მოგიწევთ თავის მართლება, რომ არ ხართ „ნაცები“, იგივე „აგენტები“ და მათი შთამომავლები. დღეს თქვენ გქონდათ მცდელობა, თავი გაგემართლებინათ, რომ არ ხართ „ნაცები“. არ გამოგივიდათ. უსამშობლომ არ იცის, რას ნიშნავს ქვეყნის ლობირება. ლობირება ქვეყნისა და სამშობლოს ინტერესების დაცვაა. ეს ყველაზე მთავარია. ამას დანახვა და შეგრძნება უნდა. ამას უნდა ცოდნა, თუ რა არის სამშობლო“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რომელიც „იგლ ჰილსის“ პროექტს შეეხებოდა.









