„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკურია, რადგან ჩვენ რაც BBC-ის მხრიდან ვნახეთ და მოვისმინეთ, ყველანაირ ზღვარს გასცდა, უკვე მარაზმში არიან გადასულები, გასაკვირი არ არის, როდესაც ჩვენ იმ მეინსტრიმმედიაზე ვსაუბრობთ, როგორიც არის BBC, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, BBC-ს სახე მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ გამოჩნდა, რითაც გამოეხმაურა „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას, სათაურით: „ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის“ მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს“. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.

„ნიშანდობლივია, რომ თეთრ სახლში დაემატა ერთი გრაფა, სადაც არასანდო მედიასაშუალებებია ჩამოთვლილი და იქ BBC-ც მოხსენიებულია. გავიხსენოთ რამდენიმე კვირის წინანდელი სკანდალი, რასაც შეეწირა დირექტორი, ახალი ამბების აღმასრულებელი დირექტორი. ამ ყველაფრის შემდეგ რას ვხედავთ? ვხედავთ სრულიად მარაზმს, აბსურდს, ვისზე დაყრდნობით? ჩახუნაშვილზე და ა.შ. რიგითი აგენტურაზე, პატარა „აგენტუკებზე“, რომლებიც ჩადიოდნენ და ქვეყნის საწინააღმდეგოდ ცრუ დასმენას ახდენენ. შედარებით მძიმეწონიანი აგენტურული ქსელის წარმომადგენლებიც ვნახეთ, ეს ჰელსინკის კომისია იქნება თუ სხვა. როდესაც ასეთი მედიასაშუალებებისგან ვხედავთ ასეთ დამოკიდებულებას, ვისმენთ ასეთ უსტანდარტო და სიცრუეზე აგებულ ინფორმაციას, რაზე უნდა ვისაუბროთ? რაში სჭირდებათ ეს ყველაფერი, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ, რაც ევროპის შუაგულში ეს დამანგრეველი ომი დაიწყო.? ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თუნდაც BBC, CNN-ი რატომ აკეთებდნენ ყველა იმ განცხადებას, რასაც ვისმენდით, მარტივი მიზეზის გამო, რომ საზოგადოება მაქსიმალურად სიცრუეში შეეყვანათ. საზოგადოება ეიძულებინათ, რომ მაქსიმალურად ცრუ აღქმების თეორიასა და მათ მიერვე შექმნილ ცრუ ილუზიაში ეცხოვრათ. მათი მიზანი ეს არის. კარგად გვახსოვს, ჩვენს ქვეყანაში რა ხდებოდა. ეს ხომ ერთი დიდი მანქანაა, რომელი მანქანაც „დიფ სთეითმა“ მსოფლიოში ამოქოქა, რათა ყველა ქვეყანა თავის მეინსტრიმმედიებით, პოლიტიკოსებით თუ ბიუროკრატებით შანტაჟის ქვეშ ჰყოლოდათ. გვექნება ღირსეული პასუხი ყველა ინსტანციაში, ყველა დონეზე, ყველას გავაგებინებთ ძალიან ხმამაღლა, რეალურად რა ბინძურ თამაშთან გვაქვს საქმე და როგორი ბინძური თამაში გრძელდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.