"არ გამოვრიცხავ, შემდეგ წერილს ეკა გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილებთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კირცხალიას თქმით, რაც დრო გადის, ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერას ემსგავსება.

"მან თვითონ მიიყვანა თავის თავი ამ მდგომარეობამდე. ისეთი ხელწერით და ისეთი ქრონოლოგიით მიდის, არ გამოვრიცხავ, შემდეგ წერილს ეკა გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენი მხრიდან კეთდება ეს განცხადება, მაგრამ თავად ჩაიგდო თავის თავი ამ მდგომარეობაში. რა შეფასებასაც ვაძლევთ, სრულიად ლოგიკური შეფასებაა. მერამდენე წერილია, უკვე აღარც მახსოვს, არც იყო სერიოზული ეს ყველაფერი, მაგრამ ქრონოლოგია და მიმდინარეობა, რაც დრო გადის, იმ ხელწერას ემსგავსება, რომელსაც ვხედავთ "ნაციონალურ მოძრაობაში".

ანუ რას ამბობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი, რომ თურმე მისით ამოდიოდა ქვეყანაში მზე და მისით ჩაესვენა მზე?! ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა "ფეისბუკში დაწერა: ყველაზე სწრაფად ქვეყნის ეკონომიკა ჩემი სამწლიანი მმართველობის დროს გაიზარდა. სამ წელიწადში ეკონომიკა ოცდაათი მილიარდი ლარით 
გაიზარდა. შევძელით ინფლაციის კონტროლი - ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლის ქვემოთ ჩამოვიდა და ცალკეულ პერიოდებში 1%-ზე ქვემოთაც კი იყო. შედეგად, ფასებზე წნეხი მოიხსნა. მაგალითად, თურქეთის ბაზრის გახსნითა და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების შემოღებით წამლების ფასებმა მყისიერად დაიკლო - საშუალოდ 30–40%-ით შემცირდა და შედეგად, ორ წელიწადში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას 400 მილიონი ლარი დავაზოგინეთ.

ხალხს მინდა ვკითხო: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!"