მდინარე იორდანეს ნაპირას გადმოგვეცა მიწის ნაკვეთი. აქ სანათლავი მოეწყობა და ქართველ მომლოცველებს შეეძლებათ, ჩამოსვლა და ნათლობის რიტუალის ჩატარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა „იმედის კვირას“ საქართველოსთვის იორდანიაში, მაცხოვრის ნათლობის ადგილიდან რამდენიმე მეტრში, 4 ათასი კვ.მ ნაკვეთის ოფიციალურად გადაცემის შემდეგ განუცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა იმ ისტორიულ პროცესზე ისაუბრა, რომელიც ამ მოვლენას წინ უძღოდა. „პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო. ჩემი ინფორმაციით, უწმინდესს, პატრიარქს პირადად საუბარი ჰქონდა მეფესთან, თუმცა შემდეგ პროცესი წინ ვერ მიდიოდა. ბოლოს, ჩემი უკვე თავდაცვის მინისტრად ყოფნის დროს, ამ საკითხზე ჩვენს ელჩთან, ბატონ ზაზასთან ერთად, აქტიური მუშაობა დავიწყეთ. შემდეგ პრემიერ მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ეს საკითხი მაღალ დონეზე გავააქტიურეთ. მივწერე წერილები, ძალიან დიდი სამუშაო გასწია ჩვენმა საელჩომ, მთელმა მთავრობამ, ერთმანეთთან კოორდინაციაში ვიყავით. პროცესი დაახლოებით 2 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, წლის ბოლოს ეს საკითხი დაგვირგვინდა - მივიღეთ საბოლოო თანხმობა. იორდანიის მეფემ და იერუსალიმის პატრიარქმა ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ ეს მიწა გადმოეცათ ჩვენთვის, ქართველებისთვის. აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი, ამაზე გვაქვს თანხმობა. გვინდა დავიწყოთ მუშაობა, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რა თქმა უნდა, საპატრიარქო ჩაერთვება. მე პირადად ვუხელმძღვანელებ ამ პროცესს და როდესაც კონცეფციაზე ჩამოვყალიბდებით, ძალიან მალევე გვინდა, დავიწყოთ მშენებლობა. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს ჩვენი პატრიარქის ძალიან დიდი სურვილი იყო. მისი ავტორიტეტი და ნდობა, რომელიც პატრიარქის მიმართ არსებობს, ძალიან დაეხმარა ამ პროცესს. საბოლოო ჯამში, ჩვენ, მთავრობამ და ეკლესიამ, რომ იტყვიან, ერმა და ბერმა ერთობლივად შევძელით ეს საქმე ბოლომდე მიგვეყვანა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. იორდანიაში, მაცხოვრის ნათლობის ადგილიდან რამდენიმე მეტრში, საქართველოს 4 ათასი კვ.მ ნაკვეთი ოფიციალურად გადაეცა.